პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) ორგანიზებით გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში".
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, ინოვაციური განვითარების კუთხით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.
„საქართველო ნამდვილად ლიდერი ქვეყანაა ამ მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ამ კუთხით. აღვნიშნავ ერთ - „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგს". შინაარსობრივად, ეს რეიტინგი ასახავს, რამდენად წინ არის წასული ჩვენი სახელმწიფო ბიზნესთან ურთიერთობაში, რამდენად ნაკლებ დროსა და თანხებს ხარჯავს ბიზნესი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელია სტრუქტურული რეფორმების, საჯარო სექტორში ინოვაციების დანერგვის გარეშე. ჩვენ გვაქვს ასეთი ინოვაციური პროექტი და ესაა „ბიზნესსახლი", რომლის დასრულების შემდეგ, 600-მდე სერვისი თავს მოიყრის ერთ ჭერქვეშ. ამავე დროს, შეიქმნება უნიკალური ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ჩვენს კერძო სექტორს ნებისმიერი მომსახურების ელექტრონულად მიღების შესაძლებლობას მისცემს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსი დაარსდა 2002 წელს ამერიკელ ბიზნესმენთა ასოციაციის (SIBF) მიერ და ამ დროისათვის აერთიანებს 400-მდე ლიდერს კავკასიისა და შუა აზიის ცხრა ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ავღანეთი).