logo_geo
eng_logo
მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდებათ
- +

17 მარტი. 2017. 14:08



საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული  თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი, ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები დაუბრუნდებათ.

 

„დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოს პროკურატურას თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ჰყავდა მოქალაქე ზაურ ფირცხალაიშვილი, რომელსაც კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი.

 

ფირცხალაიშვილის დაკავების შემდეგ, ზემოხსენებული ქონება ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაც პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმების და საპატიმროდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქონების დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნით. აღნიშნულის შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფ, დაკავებულ ზაურ ფირცხალაიშვილს დააწერინეს განცხადება ქონების დათმობის თაობაზე, შინაარსით, რომ მოქალაქე სახელმწიფოსადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად თმობდა ლანჩხუთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთს, რის შემდეგაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო და იგი გათავისუფლდა დაკავებიდან. საბოლოოდ, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდეგ, ზაურ ფირცხალაიშვილთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა დამატებით ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

 

2008 წლის სექტემბრის თვეში მოქალაქე კობა ძლიერიშვილი დაიბარეს ე.წ. მოდულის შენობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში. ადგილზე მისვლისას, კუდის რამოდენიმე თანამშრომელი მისგან კატეგორიულად მოითხოვდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათმობას, მიზეზად კი უთითებდნენ იმას, რომ კობა ძლიერიშვილი იყო იმჟამად ძებნაში მყოფის და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესმენის გოჩა ძასოხოვის ნათესავი. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ემუქრებოდნენ ოჯახისთვის პრობლემების შექმნით.

 

კუდის თანამშრომლების მუქარის შედეგად, რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ კობა ძლიერიშვილმა ჩუქების გზით დათმო საკუთრების უფლება მის კუთვნილ ბინაზე.

 

2004 წლიდან მოყოლებული მოქალაქე გ. ბიჭაშვილი წარმოადგენდა ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების კანონიერ მესაკუთრეს.

 

2007 წელს, ხსენებული პანსიონატის ტერიტორია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის  ინტერესის სფეროში მოექცა, რა მიზნითაც აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრის მამა - გიორგი ბიჭაშვილი რამდენჯერმე დაიბარეს გუბერნიის თანამშრომლებმა, რომლებიც ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაცემას მოითხოვდნენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი საქმეში პროკურატურის ჩართვით და დაკავებით ემუქრებოდნენ.

 

განხორციელებული ზეწოლის შედეგად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ბიჭაშვილები ყველანაირად ცდილობდნენ ქონების შენარჩუნებას და პროცესის გაჭიანურებას. აქედან გამომდინარე, პროცესის დაჩქარების მიზნით, გიორგი ბიჭაშვილი გუბერნიის თანამშრომლებმა დაიბარეს ქ. თბილისში პეკინის ქუჩა N5-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც მას დაახვედრეს მინდობილობა, თითქოს ქონების მესაკუთრე, მამამისს - გ.ბიჭაშვილს ნებას რთავდა განეკარგა და გაესხვისებინა საკუთრება. სინამდვილეში, მინდობილობაში მოცემული შინაარსი არ გამოხატავდა მესაკუთრის ნამდვილ ნებას და იგი იყო გაყალბებული. გუბერნიის თანამშრომლების მოთხოვნით, გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შოვში მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

 

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: გიორგი ბიჭაშვილს ონის რაიონში, მდებარე 7500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ზაურ ფირცხალაიშვილს ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მდებარე 3.5 ჰა მიწის ნაკვეთი და მოქალაქე კობა ძლიერიშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 219 000 ლარად ღირებული 80 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა.

 

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.

 

ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 56 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 100 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია 23 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი,  მიწის ნაკვეთები და ა.შ." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner