ავტორი მარიამ პაიჭაძე
არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელმა, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ ჯამბულ გამცემლიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც გამცემლიძემ აღნიშნა, ეს აქცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი. აქვე, მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რადგან მშვიდობიანად მოხდა აქციის დაშლა და არავინ დაშავებულა.
„ბათუმში გამართული აქცია დაგეგმილი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავი, ყველაზე დიდი ნაძირალა მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენს საზღვრებს მიღმა და მას იქ არავინ უშლის ხელს, რომ საქართველოდან თავისთან მიწვეული ჰყავდეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა" და ასე რუდუნებით დაგეგმოს აქცია, რაც ჩვენ ბათუმის ქუჩებში ვიხილეთ. ეს იყო წინასწარ გათვლილი ქმედებები, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ვიღაცის სიკვდილი, რადგან მიხეილ სააკაშვილი დღემდე ვერ ისვენებს და სისხლი სწყურია. სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქეების პირველი მტერი, რომელიც ისე ვერ ძლებს, თუ დროდადრო ვიღაც არ მოკვდა და ამ სიკვდილზე რაღაც მოვლენები არ ააგო. მიხეილ სააკაშვილი იმიტომ არის ასეთი დაგეშილი, რომ მას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და ასე ფართხალებს, აღარ იცის, როგორ მოიქცეს. თუმცა, უნდა ითქვას ჩვენი სამართალდამცავების მისამართით საქებარი სიტყვები, რადგან მათ ჭკუით და ძალიან კარგად იმოქმედეს, ერთი ნაკაწრიც კი არავის მიუღია, ისე დაშალეს აქცია.
მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავებს, არავითარი შეღავათი არ მისცენ არავის", - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.