ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროექტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა დაიყო სხვაფასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებად. სწორედ შემოსავლების მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან მათი ჯანმრთელობის დაფინანსება. კერძოდ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციით გვაქვს 6 ჯგუფი:
ყველაზე მეტი ადამიანი - მილიონ 700 ათასამდე - მიზნობრივ ჯგუფში შედის, რომელიც მოიცავს:
• 0-5 წლამდე ბავშვებს
• სტუდენტებს
• პენსიონერებს
• შშ პირებს
• პედაგოგებს
• სოციალურად დაუცველებს
ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების სრული მოცულობა. ემატებათ მედიკამენტების კომპონენტი. სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს პირველადი მოხმარების მედიკამენტები, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებების წამლები, დიაბეტის მეორე ტიპის მედიკამენტები, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ყოველთვიურად მოქალაქეებს ამ მედიკამენტებში სიმბოლური თანხების გადახდა მოუწევთ. ამასთან, ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ენიჭებათ პრივილეგია და აქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.
ცვლილებები შეეხო მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც, რომელთა რაოდენობა 32 ათასია, ისინი საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ და მათ კერძო დაზღვევის ყიდვა მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ პირები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო სადაზღვევოში კომპანიებში საყოველთაო ჯანდაცვაზე ე.წ. დაშენებული პაკეტები, მათ მხოლოდ კერძო სადაზღვევო პაკეტი რჩებათ. თუმცა, სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ისევ შეეძლებათ.
რაც შეეხებათ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, მათი დაფინანსება მცირდება. მათ ასევე არ ეძლევათ პრივილეგია, მიიღონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტი. სადაზღვევო კომპანიების განცხადებების მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება სადაზღვევო პაკეტების ღირებულებას არ გაზრდის, რამდენადაც ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს.
დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასევე უმცირდებათ სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთდროულად საყოველთაო ჯანდაცვითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება მიუხედავად შემოსავლისა.
ამასთან, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, გარდა მაღალშემოსავლიანი პირებისა (წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარი და ზევით).
ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, ონკოლოგიურ დაავადებაზე დაფინანსება მაღალი შემოსავლის მქონე პირებს აღარ ექნებათ. ასეთებად ითვლებიან ინდივიდები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. "საშუალო შემოსავლიანებს დარჩებათ ქიმიოთერაპიაზე და ჰორმონოთერაპიაზე წვდომა, ისევე როგორც ჰქონდათ აქამდე, მიუხედავად დაზღვევის ქონა-არქონისა. ხოლო დანარჩენი კატეგორიებისა, ჰორმონოთერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან ერთად შეთავაზებული იქნება იგივე მასშტაბით სხივური თერაპია, მიუხედავად იმისა, შეიძენენ თუ არა ისინი დაზღვევას",- აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ ადამიანს აქვს წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარი, უშუალოდ მას ეკისრება ვალდებულება, შეიძინოს კერძო სადაზღვევო პაკეტი, მაგრამ თუ მის ოჯახში შედიან პირები "მიზნობრივი ჯგუფიდან" (შშმ პირები, სტუდენტები, პენსიონერები, 0-5 წალმდე ბავშვები, პედაგოგები) - ეს ადამიანები ისარგებლებენ მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით.
ცვლილებათა პაკეტი ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და მას, სავარაუდოდ, აპრილის მეორე კვირაში მთავრობა დაამტკიცებს. დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ ცვლილებები ძალაში ივნისიდან შევა, მანამდე კი დრო ტექნიკურ სამუშაოებს მოხმარდება.