თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ანკარასა და ჰოლანდიას შორის კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, თურქეთის ხელისუფლება მზადაა გახსნას საზღვარი და ევროპაში ყოველთვიურად 15 ათასი არალეგალი მიგრანტი შეუშვას.
„მივმართავ ევროპას: თქვენ მანდ ასეთი მამაცები ხართ?! გინდათ, თავის ტკივილი გაგიჩინოთ და იმ 15 ათასს მიგრანტს გავუხსნათ გზას, რომლებსაც ჩვენ ყოველთვიურად არ ვუშვებთ?!", - განაცხადა მინისტრმა.
აქამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აგრეთვე დაემუქრა ევროკავშირის ქვეყნებს მიგრანტების შესახებ შეთანხმების გაუქმებით.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ჰოლანდიელებმა, როტერდამში მდებარე თურქეთის გენერალურ საკონსულოში არ შეუშვეს ფატმა ბეთულ საიან კაია, რომელიც მიტინგზე მიემართებოდა. მიტინგი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის უფლებამოსილების გაფართოების მიზნით ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების მხარდასაჭერად იმართებოდა. მისი ავტომობილი შენობიდან 30 მეტრის მოშორებით გააჩერეს და წინ აღარ გაუშვეს. მოგვიანებით ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქი მინისტრი პოლიციის თანხლებით ქვეყნიდან გააცილა და აღიარა, რომ იგი ქვეყანისთვის არასასურველი უცხოელია.
თურქეთის საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრის სიტუაცია მას მერე მოხდა, რაც ჰოლანდიის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს უთხრა უარი, რომელიც აგრეთვე მიტინგზე მიემართებოდა.
ამის საპასუხოდ, თურქეთი ნიდერლანდებს საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჰოლანდიელებს ფაშისტები და ნაცისტების შთამომავლები უწოდა. მოგვიანებით კი მან განაცხადა, რომ აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით იგი აპირებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
13 მარტს კი თურქეთმა ნიდერლანდებთან უმაღლეს რანგში დიპლომატიური ურთიერთობა შეაჩერა. თურქეთის ვიცეპრემიერმა კი განაცხადა, რომ ჰოლანდიელ დიპლომატებსა და ელჩებს ეკრძალებათ თურქეთის ტერიტორიაზე ჩასვლა.