საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს პარიზის აეროპორტ „ორლიში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პოლიციელებისა და სამხედროების მიერ გამოჩენილ მამაცობასა და ეფექტურობას. პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება, რათა გაირკვეს აღნიშნული ინციდენტის მოტივები და გარემოებები.
საფრანგეთის სახელმწიფო მტკიცედ არის განწყობილი, დაუნდობლად ებრძოლოს ტერორიზმს, დაიცვას მოქალაქეებისა და საფრანგეთის ტერიტორიის უსაფრთხოება", - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
დღეს, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა. ამ შემთხვევის შემდეგ,08:30 საათზე, „ორლის" აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.