საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მიუხედავად, ბარაკ ობამა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ ექცევა. ჟურნალისტების მთავარი სამიზნე ამერიკის 44-ე პრეზიდენტის დასასვენებელი ადგილები და აგარაკები გახდა.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი მზიან კალიფორნიაში გოლფის თამაშით ერთობა, ხოლო კარიბის კუნძულებზე მილიარდერ რიჩარდ ბრენსონთან ერთად სერფინგით ატარებს დროს.
მედიასაშუალების ცნობით, ობამა ნიუ-იორკში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რა დროსაც ამერიკული მუსიკალური ჯგუფის U2-ს სოლისტ ბონოსთან ერთდ ისადილა.
CNN-ის ინფორმაციითვე, ბარაკ ობამა გასულ კვირას ამერიკელ ბიზნესმენ უორენ ბაფეტს ლანჩზე შეხვდა, რის შემდეგაც კალიფორნიაში გაფრინდა, ხოლო იქიდან ჰავაიზე. ამ წუთებში კი, ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის შუაგულში კუნძულ ტეტიაროაზე ისვენებს.
როგორც CNN იუწყება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ობამა მომდევნო ერთ თვეს სწორედ აღნიშნულ კუნძულზე გაატარებს, სადაც მხოლოდ ერთი მდიდრული სასტუმროა - მისი სახელია „The Brando", ვინაიდან ამ კუნძულის მფლობელი ერთ დროს მარლონ ბრანდო იყო.
ეკო-სასტუმროს ერთ, ორ - და სამოთახიანი ვილები აქვს. ეს ადგილი ლეონარდო დიკაპრიოს საყვარელი დასასვენებელია. ერთი ღამის ფასი 2 ათასი დოლარიდან იწყება.
როგორც ობამას სპიკერმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, ბარაკ ობამა ახლა საჯარო პირი აღარ არის და როგორც ამერიკის ნებისმიერი მოქალაქის, მისი გადაადგილების მარშრუტებიც პირადი საიდუმლოებაა.
ობამები, ამ დროისათვის, ვაშინგტონში 5.3 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში ცხოვრობენ. ობამების განცხადებით, ისინი ამ ადგილას 2019 წლამდე დარჩებიან, ვიდრე უმცროსი ქალიშვილი საშა სკოლას არ დაამთავრებს.