თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის ბალ-მასკარადი დასრულდა.
„რაც ბოლო დროს ევროპაში ხდება, გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ისინი, ვინც ცდილობდნენ, ჩვენზე გავლენა მოეხდინათ ტერორისტული ჯგუფებისა და აგენტების გამოყენებით, ახლა ღიად დაგვიპირისპირდნენ. ჩემო ძმებო და დებო, ბალ-მასკარადი დასრულდა.
მათ გვერდზე გადადეს დიპლომატია. ისინი საჭიროდაც არ თვლიან, თავიანთი განზრახვა დამალონ და არც შეუძლიათ დამალონ ის დისკომფორტი, რომელსაც გრძნობენ იმის გამო, რომ თურქეთი უფრო ძლიერი ხდება.
მივმართავ მათ, ვინც ხავერდოვან ხელთათმანში რკინის ხელს იყენებს: თურქეთთან არ გაგივათ ეს. თურქეთი, რომელიც თავს იხრიდა თქვენი მუქარებისა და ტირანიის წინაშე, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება ამის გაკეთებას, შედეგებს თავის თავზე იგრძნობს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქული გამოცემა „Daily Sabah"-ის ჟურნალისტებს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს.
„მსგავსი ქმედებებით ევროპელები ცდილობენ თურქეთის პროვოცირებას, რომ საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ. რა თქმა უნდა, ევროპაში თურქული გამოცემის საქმიანობის შეფერხება პასუხის გარეშე არ დარჩება", - განაცხადა ერდოღანმა.