ავტორი ნინო ჯიბუტი
„ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, გულწრფელად სურს დაიჯეროს, რომ ჟოზეფ დოული შეცდომაში იყო შეყვანილი, ან მისი პოზიცია იყო არასწორად გაგებული.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ სავიზო-ლიბერალიზაციის თემა, არანაირ კავშირში არ არის საქართველოში 2016 წელს ჩასატარებელ არჩევნებთან. ეს საკითხი 21 იანვარს ევროპარლამენტში უკვე გავიდა, ცხადია, ჯერ პროცედურა დასრულებული არ არის. ეს პროცედურა ითხოვს, რომ ევროკომისიის დასკვნის შემდეგ უკვე ევროპარლამენტმა უყაროს კენჭი. ამის შემდეგ კი, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ ქვეყნებში განიხილონ და დასტური მოგვცენ, ეს პროცესი დაწყებულია.
სხვათა შორის 21 იანვარს რეზოლუციის მიღებას, სადაც ერთმნიშვნელოვნად იყო ჩაწერილი, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოში სავიზო ლიბერალიზაციის შემოღებას, მხარი დაუჭირა სახალხო პარტიამაც. ასე რომ ნუ აღვიქვამთ სახალხო პარტიის პრეზიდენტის ამ განცხადებას, როგორც მთლიანი სახალხო პარტიისა და მით უმეტეს ევროკავშირის პოზიციად. როგორც იცით, ეს ბატონი საქართველოში იმყოფება, მასთან ერთად არიან დელეგაციის სხვა წევრებიც, მათ შორის ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთთა კომიტეტის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს საკითხი აბსოლუტურად არ დგას დღის წესრიგში. თვითონ ბატონმა დოულმაც გააკეთა განცხადება, რომ ეს მისი მოსაზრებაა და ევროპის სახალხო პარტია ერთ-ერთი იმ პარტიათაგანია, რომელიც საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტგერირებას მხარს გულმხურვალედ უჭერს. ასე რომ მე გულწრფელად მინდა დავიჯერო,რომ ბატონი დოული გარკვეულწილად შეცდომაში იყო შეყვანილი, ან მისი პოზიცია არასწორად იქნა გაგებული" , - განაცხადა ნაჭყებიამ.