საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას სარჩელი საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ განუცხადა, ალეკო ელისაშვილს დაევალა იმავე ტელეეთერით მის მიერ გახმოვანებული განცხადებების უარყოფა და ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა.
„გადაწყვეტილება გამოცხადდა. სარჩელი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, სადაც ვითხოვდით, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადებები აღიარებული ყოფილიყო ცილისმწამებლურად და შეურაცხმყოფელად. ბატონ ალეკოს დაევალა ამ განცხადებების უარყოფა იმავე ტელეეთერით. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანის" ეთერით. ნაწილი განცხადებებისა ჩაითვალა შეფასებად და ბუნებრივია, იმ ნაწილში არ დადგება პასუხისმგებლობა. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოსამართლემ ალეკო ელისაშვილს 1000 ლარის გადახდა დაავალა", - განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.
მისივე განცხადებით, თანხა მთლიანად გადაირიცხება ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდში.
ეკა ბესელიამ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა. ის ელისაშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების უარყოფას და მორალური ზიანის სახით 20 500 ლარის გადახდას ითხოვდა.
სასამართლო დავა შეეხებოდა ალეკო ელისაშვილის საჯარო განცხადებებს, რომელშიც საკრებულოს დეპუტატი ეკა ბესელიას პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა.