სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი მთავარ პროკურატურაში „ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების" პრეზენტაციას დაესწრო. კვლევა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარდა. დოკუმენტი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების შესახებ.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პარლამენტის უმრავლესობის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ნარკომანია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება. ამ ფაქტს კი მინისტრის მოადგილის განცხადებით ადასტურებს ისიც, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა უმრავლესობა სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის შემცირება და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.გამოიკვეთა, რომ ძირითადად, ახალგაზრდები ადრეული ასაკიდან იწყებენ ნარკოტიკის მოხმარებას, რაც სამწუხარო ფაქტია. ვფიქრობთ საზოგადოების აქტიური ჩართულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალისხმევა მნიშვენლოვან როლს შეიტანს დადებითი შედეგის მიღწევაში ამ სენთან ბრძოლაში. სკოლის ასაკიდან უნდა მოხდეს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით, რადგან პირველადი მოხმარება კვლევის მიხედვით ძირითადად ცნობისმოყვარეობის გამო ხდებოდა", - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კვლევის შედეგები ბევრის მთქმელია.
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1163 პირობით მსჯავრდებულმა.
დოკუმენტში საუბარია ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. გარდა ამისა, კვლევა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს, მომავალში საშუალებას მისცემს, მეტად ეფექტურად დაგეგმონ და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები.
კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მის რესპონდენტებს წარმოადგენდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებული პრობაციონერები.