logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს მხარდამჭერები, მას ჰყავდა „დამჭერები“ და მათ ხარჯზე ინარჩუნებდა ძალაუფლებას
- +

20 მარტი. 2017. 16:47


 

„კუთხურობისა და რელოგიურობის მიმართულებით პროვოკაციის მოწყობის უმსგავსო ხერხების გამოყენებას წყალწაღებული პროვოკატორები ცდილობდნენ ადრეც და ახლაც", - ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ გამოჩინა სიბრძნე, რადგან არ აჰყვა პროვოკაციას.

 

„ხალხის სიბრძნე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება, არსად ქრება. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს საქართველოს მოქალაქეებში. მე ადრეც მითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს მხარდამჭერები, მას ჰყავდა „დამჭერები" და მათ ხარჯზე ინარჩუნებდა ძალაუფლებას. დღეს კი სრულიად გაშიშვლებულია... დანარჩენი, ვინ რა თქვა, რა მოჭორა, ეს ყველაფერი აზრდაკარგულია...

 

საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიბრძნე და არ აჰყვა პროვოკატორების მცდელობას... შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა!

 

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება იმსახურებს ღირსეულ ხელისუფლებას. ის არც პროვინციულ შურისმაძიებლურ ვნებებს შეეგუა, არც გახრწნილ კორუფციას, არც აღმოსავლური დესპოტიის მსგავს რეჟიმს.

 

მაქვს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ხელისუფლება მოახერხებს და დაგვიმტკიცებს, რომ ღირსეულია და ნამდვილად იმსახურებს ქვეყნის სათავეში ყოფნას", - განაცხადა დათო მაღრაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner