logo_geo
eng_logo
მთავარ პროკურატურაში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
- +

20 მარტი. 2017. 16:57


 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.  შეხვედრა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა და საქართველოს პროკურატურის მიერ სამი წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულზე  განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ანგარიში მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პროკურატურის მიდგომა ნარკოტიკულ დანაშაულთან. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთობლივი კვლევა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების შესახებ, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე. აღნიშნული კვლევის შედეგები პროკურატურის მიერ გამოყენებული იქნება შემდგომი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისა და ნარკოტიკულ დანაშაულზე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. კვლევის შედეგები ასევე დაეხმარება შესაბამის საჯარო სამსახურებს და ორგანიზაციებს სამომავლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გაუმჯობესებას და მათ მეტ ეფექტიანობას.


შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი,  სპორტისა და  ახალგაზრდობის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აღნიშნული ღონისძიება საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. საქართველოს პროკურატურის განვითარების სტრატეგია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით მომავალშიც მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. 


საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული ღონისძიებით  ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული გახსნა, რომლის ფარგლებშიც ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ კვლევა გასაცნობად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს წარედგინებათ. ასევე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება  ყველა რეგიონის  სკოლის მოსწავლეებთან და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან. ამავე საკითხზე გაიმართება ადგილობრივი საბჭოს სხდომა თბილისში. საქართველოს პროკურატურა ასევე სტუდენტებისთვის  ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების შესახებ კონკურსს აცხადებს.


საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  კვლევის განხორციელების პროცესში გაწეული დახმარებისთვის და ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტს ღონისძიების ჩასატარებლად გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის.           






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner