შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პრეზიდენტის სიძის მეგობრის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ საუბარი, რომ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადება" ხდება, მოგონილია.
კითხვაზე, რას ფიქრობს ნარკოტიკული საშუალების „ჩადების" ვერსიაზე და პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, მინისტრი პასუხობს, რომ „საუბარი ე.წ. ჩადებებზე მოგონილი ამბავია".
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არავინ არაფერს არ უდებს. ყველა ეს განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით ემსახურება იმას, რომ უნდათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია. ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, რეალურია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი, მისი მეგობრის დაპატიმრებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა სურამში იმ ადგილზე გააკეთა, სადაც მიხეილ თათარიშვილი 18 აბი სუბოტექსის ტარებისთვის დააკავეს.