ავტორი სალომე უერთაშვილი
„ეს ქმედება პირდაპირ ჩვენკენ არის მომართული", - ასე შეაფასა ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ პუტინის განცხადება, რომლის მიხედვით სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნებიან. როგორც მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო სეპარატისტული ფაზიდან ირედენტიზმის ფაზაში გადადის, რაც ბევრად უფრო საშიშია.
„ეს ქმედება ახალი არ არის და 2015 წლის ცნობილი შეთანხმებების შინაარსიდან გამომდინარეობს. პუტინმა ელემენტარულად ხელი მოაწერა იმ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, უკვე დაიწყება შეთანხმებების მიერ გათვალისწინებული პირობების აღსრულება. მინდა, ერთი რაღაც აგიხსნათ, ზოგადად, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები ძალიან საინტერესო ელემენტს წარმოდგენს. საქმე იმაშია, რომ ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ეგიდით მოქმედი სტრუქტურები შემდეგნაირად გამოიყურება: მათ გაერთიანებული აქვთ თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროები, ამიტომ, ბუნებრივია, აქ არის ორი ძალოვანი სტრუქტურა, ეს არის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შენაერთები, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა თავდაცვის სამინისტროს, ასევე საგანგებო დანიშნულების რაზმები, რომლებიც არიან გასამხედროებული ნაწილები და წარმოადგენენ ტერიტორიული თავდაცვის ძალების შემადგენელ კომპონენტს, ამას დამატებით ცხინვალში მოქმედი ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ასევე ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ძალები. სწორედ ეს 3 ძალოვანი სტრუქტურა უშუალოდ გადავიდა რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში. კერძოდ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ფაქტობრივად გარდაიქმნება რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის რეგიონალურ ფილიალად და ბუნებრივია, პირდაპირ გადავა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში. ასევე, თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების რაზმები პირდაპირ გადადიან რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, ამიტომაც ისინი შეიარაღებული ძალების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი ხდებიან. ფაქტობრივად, გამოდის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სოლისებურად იქნება განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები. როგორც ჩანს, ისინი აპირებენ, გარკვეულწილად გაზარდონ მათი ძალები სამხრეთ კავკასიაში.
მოულოდნელია ის, რომ ეს პროცესი დაემთხვა ამა წლის 9 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმს. თვითმარქვია პრეზიდენტმა თიბილოვმა გადაწყვიტა, რომ ოსეთს ეწოდოს რესპუბლიკა ალანია ანუ ჩვენ სეპარატიზმის ფაზიდან გადავდივართ ირედენტიზმის ფაზაზე. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოდის ახალი ფენომენი, გაცილებით საშიში, ვიდრე პოლიტიკური სეპარატიზმია", - ამბობს მაისაია.