ავტორი სალომე უერთაშვილი
პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „რეპორტიორთან" საუბრისას ბათუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ქმედებების უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას. ხოფერია ასევე გამოეხმაურა ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ მოვლენებსაც.
- როგორ ფიქრობთ, ბათუმში განვითარებული მოვლენები შიდა ძალების მიერ იყო პროვოცირებული, თუ მასში გარე ძალები მონაწილეობდნენ?
- იმ დღეს მე მაინც ორ ნაწილად გავყოფ, თუმცაღა, მინდა გითხრათ, რომ დასაწყისი, შეიძლება 2-3 დღით ადრეც მოვიძიოთ. მუშაობდნენ იმისთვის, რომ აეგორებინათ თემა თათრების სახელით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის დადება, რომ ასეთი რამ ვინმემ თქვა და შეურაცხყოფა მიაყენა აჭარის მოსახლეობას, დღემდე ვერ მოხდა. იმ დღეს კონკრეტული პირების დაკავება, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იქნა გამოყენებული, რათა აეგორებინათ მოვლენების მეორე ნაწილი, კერძოდ, მომხდარიყო მძაფრი დაპირისპირება ძალოვან სტრუქტურებთან. ასევე ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი სკოლის ავტობუსით მოძრაობდა და მთიანი რეგიონებიდან ჩამოჰყავდა თავისი მხარდამჭერები, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც აგრესიულად მოქმედებდნენ, აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება არის ასეთი - ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქცია, უბრალოდ, მათ ვერ გათვალეს ქართველი სამართალდამცველების, კონკრეტულად კი მინისტრის ქმედებები.
- ოპოზიციის მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ ხელისუფლების რეაგირება დროული არ იყო და უფრო ადრე უნდა აღეკვეთათ ბათუმში განვითარებული მოვლენები, თქვენ როგორ შეაფასებდით მათ განცხადებას?
- საკუთარი მენტალიტეტიდან და წარსულიდან გამომდინარე, მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება არ გამოიყენებდა აგრესიულ ძალას სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან, მათ ეს ვერ წარმოიდგინეს.
ყველა საჯარო გამოსვლაში, როგორც კი ხდება პარალელის გავლება 2012 წლამდე მოვლენებთან, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იწყებენ შენიშვნის მიცემას და ამბობენ, რომ მივდივართ მომავლისკენ და უკან დაბრუნება და წარსულის გახსენება არ არის საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან მომზადებული თემაა. მათ არ აქვთ პასუხები საკუთარ წარსულთან დაკავშირებით, ამიტომაც გვიკიჟინებენ, რომ არ გავავლოთ პარალელები ჩვენს უახლეს ისტორიასთან. კი ბატონო, ეს შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ისინი აღიარებენ იმ დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი აქვთ 2012 წლამდე და ჩვენი სამართალდამცავები მისცემენ სამართლებრივ შეფასებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავჩუმდებით და აღარ გავიხსენებთ ამ წარსულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაბედოს არცერთმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აქტივისტმა, მხარდამჭერმა, რომ აგვიკრძალოს საუბარი იმაზე, თუ რა გამოვიარეთ ცხრა წლის განმავლობაში. მივმართავ „ქართული ოცნების" პოლიტიკურ ელიტას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებინონ ჭკუის სწავლება ამ დამნაშავეებს და კრიმინალებს.
- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ქმედებები, თუნდაც ე.წ. „ფარული მოსმენების" კანონთან დაკავშირებით, ასევე ახალი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" წამოწყება საით არის მიმართული, უპირისპირდება თუ არა პრეზიდენტი ამით ხელისუფლებას?
- ძალიან კარგად იკვეთება, პრეზიდენტის მცდელობა, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ ფრთას. პრეზიდენტს საამისოდ აქვს დრო, შეუძლია გადადგას რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით.
დღევანდელი სურათი არის ასეთი: საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამორჩეულია ორი თემა, ერთი გახლავთ კონსტიტუციური ცვლილებები, რომლითაც ის დაუპირისპირდა ხელისუფლებას და დაიწყო თავისი სვლები ამ მიმართულებით. ის, ჯერჯერობით, მსუბუქად ცდილობს ოპოზიციური ნიშის დაჭერას. მარგველაშვილი შეძლებს გახდეს ოპოზიციური ფრთის ლიდერი, შეიძლება სწორედ ამიტომაც მოხდა „ნაციონალურ მოძრაობაში" გაყოფა. საერთოდ, მივიჩნევ, რომ ნაბიჯები იქითკენაა მიმართული, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებისა და უგულავა-ბოკერიას ფრთის თანხვედრა, რა თქმა უნდა, რესპუბლიკელებიც ამ მიმართულებით წავლენ. უბრალოდ, ისინი ელოდებიან საბაბს, რითაც მოხდება მათი გაერთიანება.
რაც შეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მან საერთოდ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, ცალკე გამოეყო და, რა თქმა უნდა, თანხვედრა აქვს „ნაციონალური მოძრაობისა" და „რესპუბლიკური პარტიის" გარკვეულ ძალებთან. ფაქტი ერთია, რომ პრეზიდენტი იყო მიწვეული კომისიაში და არ მივიდა. ჩვენ ხომ არ ვიღებთ ახალ კონსტიტუციას, ჩვენ ხომ არ ვქმნით ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას, იქ არის უშაულოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შესატანი ცვლილებები, ეს კი, საქართველოს პარლამენტის თემაა.
- როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი თავის კანდიდატურას წამოაყენებს, შეძლებს გამარჯვებას?
- მარგველაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ შემდეგ არჩევნებში ის უბრალოდ ვერ გახდება პრეზიდენტი, მას აქვს ძალიან კარგი ანალიზის უნარი და იცის, რომ მისი პრეზიდენტობის პროცენტი არის ძალიან დაბალი, შეიძლება 10%-საც არ გადასცდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აშკარა, რომ ეს ადამიანი ეძებს თემებს, რომლითაც შეძლებს ქართულ პოლიტიკურ ველზე მოთელოს ოპოზიცური სეგმენტი, რათა მათთან ჰქონდეს გადაკვეთები, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად დაფიქსირედეს, როგორც ოპოზიციის ლიდერი.
- რუსეთის პრეზიდენტმა თანხმობა მისცა, რომ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ, რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე?
- ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ბევრი თემა დახურულია და არ არის გამჭვირვალე, მითუმეტეს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. რა თქმა უნდა, რთულია პოზიტივი ეძებო იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი იღებს ბოლო პერიოდის განმავლობაში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი ამოწურულია, ამან ვერ იმუშავა. საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმ საკითხზე, რომ გაიხსნას დიპლომატიური არხები რუსეთსა და საქართველოს შორის.
უბრალოდ, ვერ ვხვდები, თვითონ ოსეთის რეჟიმი რას ფიქრობს და როგორ ხედავს თავის განვითარებას ამ ჭრილში.