logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: იმედია, მერიის პრესცენტრში არ „გაგიჟდებიან“ და...
- +

20 მარტი. 2017. 22:13



როდის ისწავლის ეს ხალხი აზრისა და წერის დასინქრონებას ისე, რომ ადამიანი წაკითხვის მერე ახლობლებს არ უკავშირდებოდეს; გამაგებინე და ამიხსენი, რა და როდის მოხდაო?!


სოციალურ ქსელში ხმა გავარდა, ბელიაშვილის ქუჩაზე რესტორნიდან გამოსული ქალაქის მერი საჭეს ნასვამი მიუჯდა, ორ ავტომობილს დაეჯახა, დაამტვრია და მიიმალაო. პატრულს კი დაზარალებულები დაუჯარიმებია, თურმე.


ვიღაცას რომ ასეთი უსუსური ფორმით უნდა დავით ნარმანიას მხილება-დისკრედიტაცია, ეს ცალკე თემაა, ცოტა ღიმილის მომგვრელი და ნაკლებად საინტერესო, იმასთან შედარებით, რაც მერე მერიის პრესცენტრმა გამოაქვეყნა: (სტილი დაცულია მ.ხ.)


„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას",- აღნიშნულია განცხადებაში.(NEWposts20.03.17.)

 

ენობრივ დახვეწილობაზე არაფერს ვამბობ!


ამის წამკითხველმა (მეც და სახვამაც) როგორ გავარკვიო რომელ „...შემთხვევას არ ჰქონდა ადგილი..." - ავტოავარიას, თუ ნარმანიას სიმთვრალეს?!


...და თუ ავარია არ მომხდარა, მაშინ საიდან გაჩნდა „ნახსენები მანქანა", რომელიც არ ეკუთვნის „... არც ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას.."?! აი, ასეთმა „ჭკვიანურმა" თავისმართლებამ გააჩინა ეჭვი: ეტყობა მართლა მოხდა რაღაც და ნარმანიას ხელს აფარებენო! როგორც ჩანს პრესცენტრში იმდენად შეშფოთდნენ გავრცელებული სისულელის გამო მერის მოსალოდნელი დისკრედითაციით, რომ ერთადერთი ფრაზის დაწერა - საჭესთან კი არა, ნარმანია იმ ტერიტორიასთან (პირადად გადავამოწმე) ახლოსაც არ ყოფილაო - საერთოდ დაავიწყდათ.

ამდენ დავიდარაბას, ეთქვათ დალოცვილებს - დავით ნარმანია იქ არ იყოო და მორჩებოდა ყველაფერი.


საერთოდაც: ყველა სისულელის პასუხად ოფიციალური განცხადების კეთება ცოტა სასაცილო ხომ არ არის?!


რას იზამ?! ქალაქის მერის დაცვაც მოგიწევს კაცს - ზოგჯერ „მისიანებისგან".


არ მიყვარს და სხვებს ვუწუნებ ხოლმე რიტორიკულ შეკითხვებს, მაგრამ ბევრად სერიოზულ თემებზე ინფორმაციის კითხვისას სულ ასეთი „პროფესიონალების" იმედზე უნდა ვიყოთ?


P.S. იმედია, მერიის პრესცენტრში არ „გაგიჟდებიან" და ისე არ მიპასუხებენ, რომ იძულებული გავხდე, ხშირად ვიკითხო მათი ინფორმაციები.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner