logo_geo
eng_logo
გიორგი ერმაკოვი: ბათუმში განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგები ქალაქისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა
- +

21 მარტი. 2017. 01:06



ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აჭარაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


„მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგები ქალაქისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. დამწვარი და დაზიანებულია აქციის მიმდებარე ქუჩის ინფრასტრუქტურა, დაიწვა როგორც საპატრულო სამსახურის, ასევე მოქალაქეების ავტომობილებიც, სხვადასხვა კატეგორიის დაზიანებები მიიღეს როგორც შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე მოქალაქეებმა. მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით 150 ათასი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოქალაქეების საკუთრებაზე მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე განხორციელებულმა ამ ვანდალურმა აქტმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა ტურისტულ სეგმენტზე - აქციის მეორე დღესვე ასობით ჯავშანი გაუქმდა რეგიონის სასტუმროებში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის საქმის წარმოება. გამოძიების შედეგად დაკავებული მოქალაქეების ნაწილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლებულია, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილს კი უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი (ძირითადად დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ნათსავები) აპროტესტებს ბრალდებულთა წინასწარ პატიმრობაში დატოვების ფაქტს და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება. ჩემთვის, როგორც ქალაქ ბათუმის მერისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია მათი ამგვარი დამოკიდებულება. მთელი ქართული საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები მთლიანად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ჩვენ საქმე გვქონდა ვანდალურ აქტთან, რომელმაც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ მთლიანად ქვეყნის იმიჯი დააზარალა. ეს იყო სახელმწიფოს საძირკვლების შერყევის მცდელობა, გალაშქრება სახელმწიფო ინსტიტუციებზე. თუმცა ამ ვანდალიზმს სახელმწიფომ სრულიად ადეკვატურად და დემოკრატიულად უპასუხა. სამართალდამრღვევების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. ეჭვმიტანილებიც, მათი ადვოკატებიცა და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ერთხმად აცხადებენ, რომ დაკავებისას ან წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას მათ წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული ძალა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ხელისუფლების მთავარ ფასეულობას - ადამიანებსა და მათ უფლებებზე ზრუნვას. სამართალდამცავები მოქმედებენ ფაქტებზე დაყრდნობით და ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის აღნიშნული ვანდალური აქტის ორგანიზებასა და მის განხორციელებაში, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა კანონი უზენაესია და ქვეყნის, მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ ჩადენილი ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები აუცილებლად დაისჯება. ქალაქის მერია ითვალისწინებს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეთა ეს უფლება არ დაირღვეს. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ", - აცხადებს ერმაკოვი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner