ავტორი სალომე უერთაშვილი
„ძალიან კარგად იკვეთება, პრეზიდენტის მცდელობა, სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ ფრთას. პრეზიდენტს საამისოდ აქვს დრო, შეუძლია გადადგას რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით", - ამის პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა. როგორც ხოფერია აღნიშნავს, მარგველაშვილს აქვს შესაძლებლობა გახდეს ოპოზიციური ფრთის ლიდერი.
„დღევანდელი სურათი არის ასეთი: საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ამორჩეულია ორი თემა, ერთი გახლავთ კონსტიტუციური ცვლილებები, რომლითაც ის დაუპირისპირდა ხელისუფლებას და დაიწყო თავისი სვლები ამ მიმართულებით. ის, ჯერჯერობით, მსუბუქად ცდილობს ოპოზიციური ნიშის დაჭერას. მარგველაშვილი შეძლებს გახდეს ოპოზიციური ფრთის ლიდერი, შეიძლება სწორედ ამიტომაც მოხდა „ნაციონალურ მოძრაობაში" გაყოფა. საერთოდ, მივიჩნევ, რომ ნაბიჯები იქითკენაა მიმართული, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებებისა და უგულავა-ბოკერიას ფრთის თანხვედრა, რა თქმა უნდა, რესპუბლიკელებიც ამ მიმართულებით წავლენ. უბრალოდ, ისინი ელოდებიან საბაბს, რითაც მოხდება მათი გაერთიანება.
რაც შეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მან საერთოდ დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, ცალკე გამოეყო და, რა თქმა უნდა, თანხვედრა აქვს „ნაციონალური მოძრაობისა" და „რესპუბლიკური პარტიის" გარკვეულ ძალებთან. ფაქტი ერთია, რომ პრეზიდენტი იყო მიწვეული კომისიაში და არ მივიდა. ჩვენ ხომ არ ვიღებთ ახალ კონსტიტუციას, ჩვენ ხომ არ ვქმნით ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას, იქ არის უშაულოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შესატანი ცვლილებები, ეს კი, საქართველოს პარლამენტის თემაა", - ამბობს ხოფერია.