„2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 18%-ით მეტია, 27%-ით არის გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით, ხოლო 2017 წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი წინა წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაზრდილია მოთხოვნა ისეთ ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე, როგორიც არის ღვინო, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვრის ხორცი, მედიკამენტები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები.
„საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, ქმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა არველაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, ექსპორტის ზრდის ყველაზე მაღალი, 45%-იანი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა.
2017 წლის იანვარ-თებერვალში სულ 356 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74.8 მლნ აშშ დოლარით მეტი ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის:
ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - 94 მლნ აშშ დოლარი (12%-ით მეტი)
ბ) სამრეწველო პროდუქცია - 262 მლნ აშშ დოლარი (33%-ით მეტი).
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 2 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 102 მლნ აშშ დოლარია (31%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ აშშ დოლარი (10%-ით მეტი). ამასთან, ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 28%-იდან 29%-მდე გაიზარდა.
ასევე 40%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან და 497 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი გაიზარდა 75%-ით და 129 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 31%-ით და 367 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.