გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება. როგორც „ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, 20-21 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - თოვლი.
მათი ცნობით, ქროდა დასავლეთის მიმართულების ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერი ქარი.
„მეტეოროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის მონაცემებით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: გორში 28მ/წმ, თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით - 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მარნეულში - 19 მ/წმ.; ქობულეთში - 19 მ/წმ,; მთა-საბუეთზე - 23 მ/წმ. დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ში იქნება", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მათი ცნობით, 22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში.