კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983) მერაბ არჩილის ძე კოკოჩაშვილი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს დაიბადა.
1961 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1977 წლიდან იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის" სამხატვრო ხელმძღვანელი.
არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987), პროფესორი (1998).
მისი საკურსო ფილმი „ხმელი წიფელი" (1957, ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით) მოსკოვში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და ვერცხლის მედლით; ასევე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ვენაში საერთაშორისო კინოფესტივალზე. კინოსტუდია „ქართულ ფილმში" გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „კარდაკარ" (1960, ო. აბესაძესთან ერთად, დ. კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით), „არდადეგები" (1962, რ. ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით), „მიხა" (1965, მ. ჯავახიშვილის მოთხრობის „მუსუსის" მიხედვით; დიპლომები ობერჰაუზენისა და კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალებზე), „დიდი მწვანე ველი" (1967), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!" (1973, ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედას" მიხედვით), „მწვერვალი" (1976), „ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1981), მრავალსერიიანი დოკუმენტური სატელევიზიო ფილმი „გზა" (1984; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1987); დოკუმენტური ფილმები „ფენომენი" (1993); „საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია" (1996), მხატვრული ფილმი „ნუცას სკოლა" (2000) და სხვა.
მის ფილმებს მიღებული აქვს მთავარი პრიზები საკავშირო კინოფესტივალებზეც. წლების მანძილზე კოკოჩაშვილი საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.