ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ანტიკორუფციულ ფორუმზე იმყოფებოდა, უკრაინული მედიის ყურადღება ახალი ავტომობილით, ძვირადღირებული მობილური ტელეფონით და საათით მიიქცია. უკრაინული მედიის ცნობით, ავტომობილი Mercedes S63 AMG, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება, 144 ათას დოლარამდე ღირს. ავტომობილს აქვს ქართული ნომრები GE-005-UA, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს - საქართველოსა და უკრაინის ლათინური ინიციალები და "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლური ციფრი 5.
მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია ანტიკორუფციულ ფორუმზე მისული მიხეილ სააკაშვილის მოოქროვილი iPhone 6. გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ფორუმზე მიხეილ სააკაშვილი „როლექსის" ოქროს საათით გამოჩნდა. აღნიშნული საათი 11 ათასი აშშ დოლარი ღირს და ის 18 კარატიანი ოქროთია დამზადებული. მედიის ცნობით, ეს არ არის ყველაზე ძვირადღირებული ნივთი მიხეილ სააკაშვილის კოლექციიდან, რომლის დემონსტრირებას სააკაშვილი სიამოვნებით ახდენს. კოლექციაში არის ასევე „ომეგა" და ექსკლუზიური „ბრაითლინგი".