გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 44-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მონაწილეებთან მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული, რომ დაკავევებები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არა მარტო არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირ აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბოლო დროს რეგიონში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები და ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილი პრობლემები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 25 აპრილს გაიმართება.