26 მაისის საქმეზე „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დასრულდა. ლორთქიფანიძე საგამოძიებო უწყების შეკითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, 26 მაისის საქმის სკანდალური ეპიზოდი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შალვა ოგბაიძის ცემისა და დაკავების ფაქტს უკავშირდებოდა. მისი ინფორმაციით, 26 მაისის აქციის ღამეს ოგბაიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, შემდეგ კი მისი გადაყვანა თბილისის მთავარ სამმართველოში იგეგმებოდა.
როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, მან და მისმა მეგობრებმა აღნიშნული ფაქტის აღსაკვეთად ყველა ღონე იხმარეს და შალვა ოგბაიძე პალატიდან, როგორც მიცვალებული, ისე გამოაპარეს.
„შალვა ოგბაიძე 26 მაისის აქციის ღამეს უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ზურგისა და მკერდის არეში რეზინის ტყვიის ნატყვიარებით, გრძივი გადანაჭდევებით ე.წ. დუბინკისა, ნახეთქი ჭრილობებით. ამის შემდეგ, მისი წაყვანა იგეგმებოდა ქალაქის სამმართველოში და ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ სამშვიდობოს გაგვეყვანა",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
აღნიშნული ინფორმაცია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას, თავად შალვა ოგბაიძემაც დაადასტურა. მისი თქმით, იმის გამო, რომ აქცია საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა, წინა ხელისუფლებამ მისი დაკავება გადაიფიქრა.
„უგონო მდგომარეობაში მიმიტანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მომიჩინეს ბადრაგი და ვიყავი დაპატიმრებული. ორი-სამი დღის შემდგომ, მოხდა ჩემი გამოპარება. დეტალები, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რადგან ტვინის შერყევით ვიწექი. მახსოვს დიმიტრი ლორთქიფანიძე, დავით ლორთქიფანიძე, გვანცა ყუფარაძის მამა და სხვანი", - აღნიშნა ოგბაიძემ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, შალვა ოგბაიძის ცემისა და წამების ფაქტზე ერთი პიროვნება იდენტიფიცირებულია, რომლის დაკავების მოთხოვნითაც მთავარი პროკურატურა სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს.