logo_geo
eng_logo
პირველი ,,მის მსოფლიოს“ – ეკატერინე თარხან-მოურავის ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავი
- +

30 მარტი. 2016. 20:35


 

მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, ქართველი თავადიშვილი ეკატერინე თარხან-მოურავი გახლდათ.


საქართველოში ლამაზი ქალი არც ერთ ეპოქაში არ უკვირდათ... მის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ გასულ საუკუნეში პარიზში მოწყობილ კონკურსზე, სადაც მხოლოდ მაღალი წრის ქალბატონები იღებდნენ მონაწილეობას, ქართველმა თავადიშვილმა ეკატერინე თარხან-მოურავმა გაიმარჯვა. თავადის ასულს ფრანგები „თეთრ გედს" ეძახდნენ, რადგან მას წყალში ყოფნა ჰყვარებია. კონკურსი, რომელიც ყვავილების დღესასწაულზე ჩატარდა, სავარაუდოდ, მსოფლიოში ჩატარებული პირველი სილამაზის კონკურსი იყო.


 

ყვავილების დღესასწაული - პირველი სილამაზის კონკურსი მსოფლიოში



ცნობილია, პარიზში ყოველ წელს ყვავილების დღესასწაული იმართებოდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის ლამაზი თავადიშვილები მონაწილეობდნენ. კონკურსის წესის თანახმად, მასში გოგონები ყვავილებით მორთულ ეტლში უნდა მსხდარიყვნენ და ხალხით სავსე პარიზის ქუჩებში ჩამოევლოთ. ისინი თავად მართავდნენ ეტლს, რომელსაც ჩანთიანი გოგონები მისდევდნენ. მაყურებელს კი ჩანთებში ქაღალდი უნდა ჩაეგდო, სადაც მათი რჩეულის სახელი ეწერებოდა. ბუნებრივია, გამარჯვებული ის გახდებოდა, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებდა.





ცისფერთვალება და ქერათმიანი ქართველი ასულის გამარჯვება



ეტლში, სადაც 15 წლის ქართველი თავადის ასული იჯდა, მისი თვალების ფერი - ცისფერი ყვავილები ელაგა. ამასთან ეკატერინეს კაბაც ცისფერი ყოფილა, რაც მისი ქერა თმის ფონზე თურმე განსაკუთრებულად ლამაზად მოჩანდა. მისით მოხიბლულმა პარიზელებმა პირველობა ქართველ ლამაზმანს მიანიჭეს. გამარჯვების ნიშნად მას ბრილიანტისთვლიანი სამკაული გადასცეს. სამწუხაროდ, თბილისის რკინიგზის სადგურზე მუშებმა, რომლებსაც კარგად აღზრდილმა ეკატერინემ სახლის მისამართი დაუტოვა, რათა მისთვის ბარგი ადგილზე მიეტანათ, თურმე იგი მოატყუეს და ბარგთან ერთად გაქრნენ.

ვინ იყო ეკატერინე თარხან-მოურავი

ეკატერინე თარხან-მოურავი გიორგი სააკაძის მეათე თაობას მიეკუთვნებოდა. დაღესტნიდან ჩამოსული მისი წინაპრები მოგვიანებით ქართლში, სოფელ ნოსტეში დასახლდნენ. ეკატერინეს მრავალშვილიან ოჯახში ფუფუნებაში ზრდიდნენ. თავადის ასული ქალიშვილობაში განათლების მისაღებად გაამგზავრეს პარიზში, სადაც ის 1903-07 წლებში ცხოვრობდა.



ქართველი თავადიშვილის სიყვარულის ამბავი



საოცარი სილამაზის ეკატერინეს თურმე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. იგი გათხოვილი ორჯერ ყოფილა, მაგრამ მისი არც ერთი მეუღლე ქართველი არ იყო. პირველ ქმართან, თბილისში საცხოვრებლად გადმოსულ ფრანგ მიშელ სეგალთან ეკატერინემ მშობლებისგან მალულად დაიწერა ჯვარი. მოგვიანებით მასთან ვაჟი შეეძინა. სიძით უკმაყოფილო მამამ, გრიგოლმა ქალიშვილი მეუღლეს გააშორა, მისი შვილი კი თავის გვარზე დაწერა. ეკატერინეს მეორე ქმარი რუსი თავადი მოროზოვი იყო. საბჭოთა ხელისუფლება თავადის ასულს ჟორდანიას მთავრობასთან კავშირში სდებდა ბრალს, თუმცა მისი ოჯახი 37 წლის რეპრესიებს სასწაულებრივად მაინც გადაურჩა. ცნობილია, რომ პირველი,,მის მსოფლიო" თბილისში ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა...

ასეთია ქართველი თავადიშვილის ცხოვრებისა და სიყვარულის ამბავი. როგორც ჩანს, პირველი ლამაზმანის ტიტულმა მას ბედნიერება ვერ მოუტანა...


 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner