ყველაფერი ერთი სიმღერის მოსმენით დაიწყო, მიუზუკლიდან „ედელვაისი"... სიმღერით, რომელსაც უსინათლო გოგონათა კვარტეტი „ედელვაისი" პირდაპირ ეთერში ასრულებდა. ჯერ კადრები დალაგდა, მერე იდეა ჩამოყალიბდა, მერე პროექტი-აჩუქე შეხება ანუ gift your touch.
მანამდე კი იყო ოთხი ძალიან ნიჭიერი გოგონასგან- მარიამ კაპანაძისგან, ნატალი ვეფხაძისგან, ნინო ასლამაზაშვილისგან და თამუნა ცალქალამანიძისგან ჩამოყალიბებული კვარტეტი, რომელიც იშვიათად თუ ახერხებდა სადმე გამოჩენას.
ზუსტად ერთი წლის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თამუნამ ხმამაღლა გააჟღერა გოგონების ყველაზე დიდი სურვილი.
„ვაპირებთ რომ მეცადინეობა ინტენსიურად გავაგრძელოთ, გვინდა ფართომაშტაბიან კონცერტებში მივიღოთ მონაწილეობა.გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ჩვენ იშვიათად ვახსენდებით, გარდა ამის, არავისზე ნაკლებად არ ვმღერით, ხშირ შემთხვევაში კი არ ვჩანვართ და თუ ეს ვინმეს ესმის ამჟამად, იქნებ ყურადღება მოგვაქციოს".
გაიგეს...ერთი წლის შემდეგ სტუდია „ქაითის" რეჟისორმა ხათუნა კეთილაძემ გოგონების სიმღერა ტელევიზიით მოისმინა, მოძებნა და პროექტ „აჩუქე შეხების" მონაწილენიც გახადა.
„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როცა რაღაცას ვისმენ, ყველაფერი კადრებად ეწყობა და უცებ მივხვდი, რომ ამ სიმღერით ბევრი ადამიანისითვის სითბოს და სიყვარულის გადაცემა შეიძლებოდა, მითუმეტეს ამ გოგონებისგან. ჩვენ ამ პროექტით გვინდა ადამიანებს დავანახოთ, რამდენად კარგია, როდესაც სხვა ადამიანებს არა ძვირადღირებულ ნივთებს, არამედ სითბოს და სიყვარულს ჩუქნი",- ამბობს რეჟისორი.
თითოეულმა მათგანმა საკამოდ რთული გზა გამოიარა. იყო ტკივილით, სევდით და იშვიათად, სიხარულით სავსე დღეები. გოგონები თვლიან, რომ პროექტი „აჩუქე შეხება" უმნიშნელოვანესია, განსაკუთრებით დღეს, რადგან ყოველდღიურობით და პრობლემებით დატვირთულ ცხოვრებაში, ადამიანებს ყურადღების და სითბოს გაცემა ავიწყდებათ, „აჩუქე შეხებამ" კი მათ ამის საშუალება მისცა. გოგონებს, რომელთაც სხვები ეხმარებოდნენ, დღეს თვითონ შეუძლიათ სხვებისთვის სიხარულის მინიჭება.
„ისე სერიოზულად, როგორც ქალბატონი ხათუნა დაინტერესდა ჩვენით, ძალიან ნაკლებად დაინტერესებულა ვინმე. იდეას აღფრთოვანებით შევხვდით. შევეცდებით, როგორც ქალბატონი ხათუნა ცდილობს ჩვენთვის სიკეთის გაკეთებას, წინსვლაში ხელის შეწყობას, ჩვენც, ჩვენი მხრიდან შევეცდებით, რომ სიკეთე ვაკეთოთ და სხვა ადამიანებს გადავცეთ სითბო და სიყვარული",- ამბობს ნატალი ვეფხვაძე.
სტუდია „ქაითი" „აჩუქე შეხების" ეგიდით რამდენიმე პროექტს ახორციელებს.
„პირველ ეტაპზე რეგიონალური-ქართულ-აზერბაიაჯნული გამოფენა გაიმართება ამ ეგიდით, რომელშიც ცნობილ ქართველ და აზერბაიჯანელ ფოტოგრაფებთან ერთად, ჟურნალისტები და ფოტოკორესპოდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ივლისის თვეში ევროპელ ფოტოგრაფებს დმანისი უმასპინძლებს ეგიდით -„ევროპა მიდის ძველ ევროპაში". პარალელურად მოხდება სოციალური ხასიათის კლიპის გადაღებაც და მიხარია, რომ „ედელვაისის" გოგონები ჩვენი აქტიური მონაწილეები იქნებიან",-ამბობს „ქაითის" პროდიუსერი ეკა ბუჩუკური.
სამყაროს ყველა სხვადასხვანაირად ხედავს-ზოგი ყველა ფერში, ზოგი ბუნდოვნად, ზოგიც მხოლოდ ჩრდილებად, სიკეთის და სითბოს გაცემა ყველას ერთნაირად შეუძლია და ამისთვის სულ არ არის საჭირო, არეკლილი ფერების მთელი სპექტრი.