logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: პრეზიდენტი დამოკიდებული ხდება ვეტოზე...
- +

22 მარტი. 2017. 00:18



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იყო მცდელობა „მაიდანის" სცენარის განხორციელებისა. ქანთარიამ, ასევე „ფარული მოსმენების" შესახებ კანონზე ისაუბრა და ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ მოვლენებსაც გამოეხმაურა.

 

 

- როგორ შეაფასებთ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, თქვენი აზრით, შიდა ძალების მიერ იყო პროვოცირებული თუ მასში გარე ძალები მონაწილეობდნენ?

 

- ეს საპროტესტო აქცია დაიწყო სპონტანურად, თუმცა, როგორც კი ამან სერიოზული ფორმა მიიღო, მაშინვე მიაშველეს ხალხი, რომელიც იყო გაწვრთნილი და ეს აშკარად ჩანდა. იყო მცდელობა „მაიდანის" სცენარის განხორციელების. ჩვენ ეს გვქონდა მოსმენილი, ვიცოდით, რომ მზადდებოდა, ამიტომ პრევენციისთვის ვაკეთებდით განცხადებას, რამდენჯერმე აღიძრა კიდეც საქმე, ახლა კი, ნათლად დავინახეთ, რა შეეძლო და რისი გაფუჭება უნდოდა ამ ხალხს. ისინი პირდაპირ იწვევდნენ სპეცრაზმს დარბევისკენ, სამართალდამცველებმა კი აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადაიტანეს ეს ყველაფერი, სხვა განწყობა, სხვა სტილი და სხვა საქმე აჩვენეს. უნდოდათ, ყოფილიყო დაჩეხილი ხალხი, ხელებშეკრული, სისხლის კვალი და შემდეგ უკვე დაეანონსებინათ მშვიდობიანი მიტინგი. ბუნებრივია, ეს არ გამოვიდა. ახლა მთავარია სწორად დასჯა იმ ხალხისა, ვინც ხელი აღმართა სახელმწიფოს წინააღმდეგ.


ის ხალხი, ვინც ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონიდან ჩაიყვანეს. შემდეგ „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წევრმა ულტიმატუმიც კი წაუყენა ხელისუფლებას, „ნაციონალური მოძრაობა" სოლიდარობას უცხადებდა აქციის მონაწილეებს. დასკვნები გამოსატანია, ანალიზი უნდა გაკეთდეს.



- პრეზიდენტმა ვეტო დაადო „ფარული მოსმენების" კანონს, როგორ შეაფასებთ მის ამ ქმედებას?

 

- ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტი დამოკიდებული ხდება ვეტოზე. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს პრეზიდენტის ნამდვილი პოზიციაა და ის ასე ფიქრობს. იმედია, ეს ვეტო არ არის ნაკარნახევი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისგან და რაღაც გავლენების ქვეშ არ იმყოფება პრეზიდენტი, ან უფრო შორს გამიზნული გეგმები არ აქვს.


კანონპროექტი მოსმენების შესახებ იდეალური არ არის, მაგრამ ეს იყო ნაკარნახევი საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ამიტომაც პარლამენტი ვალდებული იყო, გარკვეული შუალედი მოეძებნა. ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც იმ პირობებში მოიძებნა. ერთი მხრივ, არ მოხდა უსაფრთხოებისთვის ხელის შეშლა, მეორე მხრივ კი, დაცულია ადამიანის უფლებები და არ შექმნილა გარკვეული პრობლემა. ისე, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას თუ მოუნდა ვინმეს მოსმენა, რაც არ უნდა მრავლად იყოს გასაღები, მაინც მოუსმენს, უბრალოდ, ეს არის ნდობის საკითხი. მგონია, რომ ეს ვიწრო ჯგუფის პრობლემაა და არა ჩვენი საზოგადოების ფართო ფენების.


 გუნდში მოხდება მსჯელობა და თუ საჭირო იქნება, ვეტო დაიძლევა.



- პრეზიდენტმა წამოიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია" და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობას ხვდება. როგორ შეაფასებთ მის ინიციატივას?

 

- პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ მისი სამი წარმომადგენელი ყოფილიყო კომისიაში, თუმცა, პრეზიდენტმა არ მოინდომა და უარი თქვა. მას უნდოდა, ყოფილიყო კომისიის თანათავმჯდომარე. ახლა განაწყენებულმა დაიწყო პარალელურ მოედანზე გარკვეული მცდელობები კონსტიტუციის განხილვის მიმართულებით, თუმცა, ცვლილებები ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული და ცოტა გაუგებარია ჩემთვის, რას განიხილავს.


საერთოდ მგონია, რომ ეს არის ერთგვარი მზადება, ის ზვერავს სიტუაციას, სურს ფორმაში ჩადგომა მომავალი არჩევნებისთვის. მარგველაშვილი გადის ხალხში, ელაპარაკება, ეს კი მისი უფლება და მოვალეობაა.


- რუსეთის პრეზიდენტმა თანხმობა მისცა, რომ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ, საქართველოზე რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი?

 

- საკმაოდ არასასიამოვნო ამბავია, თუმცა, პირადად ჩემთვის, მოულოდნელი არ არის. გარკვეული ეტაპის შემდეგ მათ გადადგეს ეს ნაბიჯი.


ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით საკმაოდ მწვავე კონფლიქტური სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, საომარ ზღვარზე ვიდექით. ჩვენ მოვახერხეთ და კონფლიქტი დავაცხრეთ, ამიტომ ერთადერთი რასაც რუსეთის მხრიდან ვხედავდით მავთულხლართები იყო. დღეს უკვე საჭიროა ხალხის დაბრუნებასა და მათთან ურთიერთობაზე ვიფიქროთ. პარლამენტშიც არის ტერიტორიული აღდგენის კომისია, მაგრამ ამ სათაურის ქვეშ ძალიან ძნელი იქნება რაიმეს გაკეთება, ამიტომ პარალელურად უნდა იყოს კიდევ ერთი კომისია, რომელიც შეეცდება ცხინვალთან და სოხუმთან კულტურული ურთიერთობებისა, მეგობრობის აღდგენას. ჩვენ უნდა გქვონდეს მცდელობები და უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთის მხარესთან. კარასინი-აბაშიძის ფორმატი კარგი იყო, ამიტომ შესაძლებელია ფორმატი გაიზარდოს.


ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება. გარდა მშვიდობიანი ხერხებისა, ჩვენ არ გვაქვს საიმისო ბერკეტი, რომ დავუპირისპირდეთ ამ გადაწყვეტილებას.



- „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ?

 

- სამართლებრივ ჩარჩოში რომ გაგრძელდა, ცუდი არ არის. ჩვენ დაველოდებით სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებებს, რას მოგვაწვდიან, რა რეკომენდაციები იქნება.


საკუთრება უზენაესი უფლებაა და საკუთრება არ უნდა აგვერიოს სიტყვის თავისუფლებაში. ყველასთვის ფაქტია, რომ „რუსთავი 2"-ს არავითარი თავისუფლება არ აქვს, ეს არის ერთ პარტიას დამორჩილებული ტელევიზია. თუ მოხდება თავიდან განხილვა, მაინც იგივე შედეგს მივიღებთ, რადგან საკუთრების უფლება დარღვეულია.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner