ავტორი სალომე უერთაშვილი
„ჩვენ უნდა გქვონდეს მცდელობები და უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთის მხარესთან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა. ქანთარიამ პუტინის განკარგულების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნებიან.
„საკმაოდ არასასიამოვნო ამბავია, თუმცა, პირადად ჩემთვის, მოულოდნელი არ არის. გარკვეული ეტაპის შემდეგ მათ გადადგეს ეს ნაბიჯი.
ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით საკმაოდ მწვავე კონფლიქტური სიტუაცია იყო, ფაქტობრივად, საომარ ზღვარზე ვიდექით. ჩვენ მოვახერხეთ და კონფლიქტი დავაცხრეთ, ამიტომ ერთადერთი რასაც რუსეთის მხრიდან ვხედავდით მავთულხლართები იყო. დღეს უკვე საჭიროა ხალხის დაბრუნებასა და მათთან ურთიერთობაზე ვიფიქროთ. პარლამენტშიც არის ტერიტორიული აღდგენის კომისია, მაგრამ ამ სათაურის ქვეშ ძალიან ძნელი იქნება რაიმეს გაკეთება, ამიტომ პარალელურად უნდა იყოს კიდევ ერთი კომისია, რომელიც შეეცდება ცხინვალთან და სოხუმთან კულტურული ურთიერთობებისა და მეგობრობის აღდგენას. ჩვენ უნდა გქვონდეს მცდელობები და უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთის მხარესთან. კარასინი-აბაშიძის ფორმატი კარგი იყო, ამიტომ შესაძლებელია ფორმატი გაიზარდოს.
ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ საერთაშორისო საზოგადოება. გარდა მშვიდობიანი ხერხებისა, ჩვენ არ გვაქვს საიმისო ბერკეტი, რომ დავუპირისპირდეთ ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს ქანთარია.