logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა
- +

22 მარტი. 2017. 12:41



ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა.


C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდის მოსახლეობას ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი სერვისებით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებიც შეძლებენ.


C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასმა ადამიანმა იმკურნალა. მათგან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელია, რაც ძალიან დადებითია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი მოემსახურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობამ და კომპანია გილეადმა" გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და დაგვრთეს ნება, ნეიტრალური პასპორტების მქონე პირებმა ამ ცენტრში იმკურნალონ. ზუგდიდი შეირჩა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ამ რეგიონში C ჰეპატიტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი იფუნქციონირებს ზუგდიდში. მინდა, ამ რეგიონის ყველა მცხოვრებს ვუსურვო ჯანმრთელობა", - განაცხადა პრემიერმა.


C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით მეორე - უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner