ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, - წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში შენდება წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, სატუმბი სადგური და რეზერვუარები, ასევე - წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.
პროექტის ღირებულება 84 970 765 ლარია და მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
სამუშაოები, რომელზეც 150 ადამიანია დასაქმებული, 2018 წელს დასრულდება.