მოსამართლემ ბათუმის მოვლენებში მონაწილე ერთი პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
„პირველის" კორესპონდენტის ცნობით, სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულ ზაზა ცინცაძის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა.
ბათუმის მოვლენებზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამცველებმა სულ 75 პირი დააკავეს. საქმეზე ბრალდებულ 15 პირს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
11-12 მარტის ღამეს, ბათუმში, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი მოქალაქის დაჯარიმების შემდეგ, მოქალაქეების აქცია გაიმართა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს და მანქანები დაწვეს, მათ შორის სამართალდამცავი უწყების მფლობელობაში არსებული. აქციის დასაშლელად სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბათუმის ქუჩებში უკონტროლო სიტუაცია დაახლოებით 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და ქალაქს 150 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.