უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
"ცოტა ხნის წინ დამირეკეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ახალშექმნილი დეპარტამენტიდან, რომელიც აშკარა შეკვეთილი საქმეებითაა დაკავებული, მათ შორის ჩემი გუნდის წინააღმდეგ. "პატივცემულმა" ბატონმა სუსმა პარასკევს დაკითხვაზე დამიბარა 2 მილიონი აშშ დოლარის "გაუჩინარების" საქმესთან დაკავშირებით", - წერს დავით საყვარელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
დავით საყვარელიძის მტკიცებით, დმიტრი სუსი რამდენიმე დღის წინ სასამართლო დევნის მუქარით გენერალური ინსპექციის თანამშროლებს აშანტაჟებდა და მათგან ცრუ ჩვენებების მისაღებად თანამშრომლობას აიძულებდა. საყვარელიძის თქმით, ეს ჩვენებები პროკურატურას მისი გუნდის დისკრედიტაციისთვის სჭირდებოდათ.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ დაკითხვაზე მივა.
დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე 29 მარტს გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალურმა პროკურორმა დავით საყავრელიძის პასუხისმგებლობის საკითხი "საპროკურორო ეთიკის უხეში დარღვევისთვის" დააყენა.
გუშინვე უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაუჭირა მხარი.