საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბოლო დროს ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამოეხმაურა.
„დროა, დამთავრდეს ის სრული ისტერიკა, რომელსაც საქართველოში თვალს ვადევნებთ. ჩვენ შორს ვართ იქიდან, რომ პოლიციელმა ვინმეს რამე ჩაუდოს. მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, გარდა პოლიციელისა. უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის არანაირი სტანდარტი, როდესაც საქმე პოლიციელს ეხება. ყველას უფლებაა დაცული, გარდა პოლიციელისა. დროა, ეს ისტერიკა დასრულდეს, ეს კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.