logo_geo
eng_logo
პროექტის „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკას გაივლიან
- +

22 მარტი. 2017. 18:43



ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ-მა „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი" სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.


მემორანდუმის ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსს  4 თვის განმავლობაში გაივლიან, სადაც სტუდენტები  მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით,  სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ.  პრაქტიკული კურსის  მიმდინარეობისას, სტუდენტები სამართლებრივ დოკუმენტებს  შედგენენ  და ტრენერ-ადვოკატთან ერთად,  როგორც სასამართლო, ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკის გავლას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.


კურსის მიზანია მაგისტრანტს  საშუალება მისცეს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოუმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა  და ადმინისტრირების უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში, სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს. აღნიშნული პრაქტიკა სტუდენტს პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებელ წარმართვაში დაეხმარება. როგორც „ჩემი ადვოკატი"-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ აღნიშნა, პრაქტიკული კურსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მომავალი პროფესიის განვითარებაში  დაეხმარება. „მოხარული ვარ, რომ „იურიდიული კლინიკა -  ჩემი ადვოკატი" სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიიღებს და ახალბედა ადვოკატების აღზრდაში თავის წვლილს შეიტანს",  - განაცხადა მარინა ბერაძემ.


შეგახსენებთ, რომ ქ.თბილისის მერიის  ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის"  საქმიანობის მთავარ მიზანს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში  უსასყიდლოდ, იურიდიული დახმარების გაწევა წარმოადგენს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner