ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზებს განმარტვას და აღნიშნავს, რომ იგი მზად არის რიგით ჯარისკაცად დარჩეს.
„ჩემი წარსულით ვამაყობ. ამ მძიმე სამსახურის ამუშავებაში მოკრძალებული წვლილი შევიტანე და ჩემს მიერ დაწყებული პროექტები არ უნდა შეწყდეს. 2 მაისს საქართველოში "სერკობეს" წარმომადგენლობა ჩამოვა, რომელიც მზადაა, 200 ადგილიანი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაში 25 მილიონი ევრო ჩადოს."- განაცხადა შიხიაშვილმა და გადაცემაში 2030 აღნიშნა, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან პროექტს დაედო საფუძველი, რაც საზღვრისპირა რეგიონებში სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.
„ქვეყნიდან ახალგაზრდობა გადის. ერთ მეოთხედ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა არ ვრცელდება. მოსახლეობის გამოსაკვებად მილიარდ ორასი მილიონის პრიდუქტის ყიდვა გვჭირდება, რისთვისაც ქვეყნიდან დიდი ოდენობის ვალუტა გაედინება. საზღვარი მთლიანად დაუცველია და თუ ქვეყანას ჯებირი არ გავუკეთეთ, კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ. საზღვრისპირა რეგიონებში, უწმინდესის კურთხევით, ისრაელში აპრობირებული მეთოდით, ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია." - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.