logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ანა მარგველაშვილი პოლიტიკურ ოპონენტად არ მიმაჩნია!
- +

22 მარტი. 2017. 21:44


 


პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მასზე და მის გარემოცვაზე ზეწოლა მიმდინარეობს და მის ახლობელს ნარკოტიკი „ჩაუდეს".  აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საუბარში გამოეხმაურა. დეპუტატი ნარკოტიკის ჩადებას გამორიცხავს.


გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზეც ისაუბრა.


- პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მის გარემოცვაზე არის ზეწოლა და ასევე, არის მოსაზრება, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს იშორებს ნარკოპოლიტიკის დახმარებით...


- ანა მარგველაშვილი პოლიტიკურ ოპონენტად არ მიმაჩნია. იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება ძალიან პრიმიტიული მეთოდია, რომელსაც მიმართავდნენ ხელისუფალნი. თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, დამერწმუნეთ, ის პოლიტიკური ოპონენტი ერთი-ათად გაძლიერდება. თუ ხელისუფალი ამაზე წამსვლელია (თუმცა, გარწმუნებთ, რომ ახლა ასე არ ხდება), მაშინ მისი რაციონალურობის საკითხი დგება. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" ამას აკეთებდა, ანადგურებდა თავისი მოწინააღმდეგეების მთელ სპექტრს, ყველანაირი შეტევა ხორციელდებოდა, მათ შორის ჯანმრთელობის მოშლის მეშვეობით. მაშინ ეს იყო პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დამოკიდებულება ოპონენტისადმი და ეს იყო სტრატეგია. ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს, ძალიან სულელური სტრატეგია იქნებოდა, რომ ადამიანს, რომელიც გებრძვის მთელი ძალებით, ყველანაირი მეთოდით, კიდევ უფრო მეტი შანსი და რესურსი მისცე, რომ ეს ბრძოლა უფრო ინტენსიურად გააგრძელოს. გამწარების მცდელობა ბავშვური და არარაციონალურია იმ დანაშაულებრივი დამოკიდებულების პირობებში, რასაც ჩადება ან რაიმე სიტუაციის მოწყობით სამაგიეროს გადახდა ჰქვია. ჩვენს ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკა არ გააჩნია.


- როგორ ფიქრობთ, ანა მარგველაშვილი რატომ თვლის, რომ მის გარემოცვას ებრძვის ხელისუფლება?

 

- თავად ანა მარგველაშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ თვლის ასე. ის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პარლამენტის ინსტიტუტი ერთმანეთთან პერმანენტული კამათის რეჟიმში გადავიდნენ და ის, რომ შვილის ახლობელი ნარკოტიკების გამო დააკავეს, ერთმანეთთან კავშირში არ არის. ეს მოცემულობა არსებობს, ეს კამათი არსებობს და ანა მარგველაშვილის ახლობელი ამ თემასთან არანაირ კავშირში არ არის.


- ზოგადად, დღევანდელ ნარკოპოლიტიკას როგორ შეაფასებთ?


- დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არ მომწონს. ქვეყანას არ აქვს ის რესურსი, რაც, ალბათ, 90-იანი წლებიდან უნდა ეშენებინა. მაგალითისთვის ავიღოთ აფხაზეთი, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრივი ნიშანი არ გააჩნია, უმძიმესი მდგომარებაა. არანაირი პირობა არ არის შექმნილი, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ალტერნატიული მკურნალობის გზა ჰქონდეს ადამიანს. ჩვენს ქვეყანას 90-იანი წლებზე უფრო ადრე გააჩნდა რაღაც რესურსი. პრობლემის მოგვარება უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ორიენტირებული მკურნალობაზე და არა ძალადობაზე. ატმოსფეროც სხვა იყო. თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ავადმყოფობად განიხილებოდა, ჩვენთან თითქოს კრიმინალური, არაჯანსაღი დამოკიდებულება იყო ნარკოტიკების მოხმარების, მისი შეძენის, პოლიციასთან ურთიერთობის მიმართ. ეს დამოკიდებულება, გარკვეულწილად, დღემდე გამოჰყვა საქართველოს. ასე რომ, მთლიანად ამ პოლიტიკის შერბილება და დასავლურ-ლიბერალურ დამოკიდებულებაზე გადასვლა, ქვეყნისთვის დამაზიანებელია.


- როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს თუ არა ნარკოპოლიტიკა?


- რასაკვირველია, უნდა შეიცვალოს, მნიშვნელოვანწილად წავიდეს წინ და სწრაფი ნაბიჯით განვითარდეს. ადამიანების მიმართ, რომლებიც დამოკიდებული არიან ნარკოტიკზე, უნდა გადაინაცვლოს სამედიცინო-მეცნიერულ დამოკიდებულებაში, მაგრამ სრული ლიბერალიზაციის მაღალი ხარისხი, ჩემი აზრით, საერთო ატმოსფეროს დააზიანებს და კრიმინალურ გარემოს შეუწყობს ხელს.


- გინდათ თქვათ, სრული ლეგალიზაცია შეუძლებელია?


- დღევანდელ დროში ვერ განვსაზღვრავთ იმ ხარისხებსა და თამასებს, რომელშიც დღევანდელი ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს მოქცეული. ჯანდაცვის სფერომ გაცილებით მეტი უნდა იფიქროს ამ თემაზე, მნიშვნელოვანწილად წამოეწიოს და წინ გადაუსწროს სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების სფეროს. ეს კონცეფცია ძალიან ინტენსიურად უნდა გატარდეს და მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა სწორია. ვართ კი სამედიცინო თვალსაზრისით მზად, დავეწიოთ დასავლეთის ქვეყნებში არსებულ ნარკოპოლიტიკას?! ამასთან დაკავშირებით მუშაობა და მსჯელობა გვმართებს. საფრთხის ჯგუფებს წარმოადგენს ახალგაზრდობა, თუნდაც, მარიხუანას მოხმარების თვალსაზრისით, რადგან იშვიათად ხდება, მარიხუანადან არ გადადიოდნენ მძიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე.


- პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანოპროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია...

 

- საკმაოდ ფრთიანი ფრაზაა და თვითონ ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ხედვის რამდენიმე პრონციპს ჩამოვაყალიბებ... პირველი - ეს არ არის მოსმენების კანონი, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მიღებული კანონთა პაკეტი, რომელიც მარტო მოსმენა-მიყურადებას არ შეიცავს. აქ არის მთელი რიგი პროფესიონალური საკითხები, რომლებიც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიმინალთან ბრძოლის წარმატებისათვის. არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რაც ხდება საქართველოს შიგნით, ნებისმიერ ქვეყანას ახასიათებს. ეს არის საკმაოდ ინტენსიური მცდელობები საერთაშორისო კორპორატიული კრიმინალური სისტემების განვითარებისა. დამეთანხმებით, რომ ასეთი ორგანიზებული დანაშაულებრივი კორპორატიული სისტემები საქართველოში არ არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების დამსახურებაა. თუმცა, ამ ხელისუფლების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ საქართველო აღარ არის მოხსენიებული იმ მძიმე რეპორტებში, რომლებიც სპეციალიზირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ, თუნდაც ნარკოტრეფიკის საკითხებთან დაკავშირებით. ეს თემა არ უკავშირდება მხოლოდ „ეს შენ გეხება"-ს ხმაურიან აქციებს. საქართველოს ფარული მოქმედებების განხორციელების სისტემა და სამსახურები არამარტო საქართველოსი, არამედ მთელი რიგი მოკავშირე პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.


ამ სისტემაში არიან ახალგაზრდები, ძველი თაობის ხალხიც, რომელთაც ძალიან დიდი სკოლა აქვთ გამოვლილი და ვინც ამ საქმეზე პატიოსნად და იმ პასუხისმგებლობით მუშაობს, რასაც ოფიცრის მუნდირი თითოეულ მათგანს ავალებს. ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს სწორედ ამ სახელმწიფო სტრუქტურაზე, თუნდაც იმ ფრთიანი დასახელებით, რასაც მოსმენების კანონი ჰქვია. მეორე საკითხი, რაც გასათვალისწინებელია, არის თუნდაც ის, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის სატელევიზიო შოუში, ყოველ საღამოს აჩვენებენ, როგორ ხდება ფარული ჩაწერა ადამიანების გარკვეული ჯგუფის მიერ და შემდეგ ეს შოუდ არის გაკეთებული, როდესაც ადამიანების პირად ცხოვრებაში უშუალო ჩარევაა. თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით ფარული მიყურადება განახორციელოს, ამას ვერაფერი დაუშლის. ჩვენ ამის სამწუხარო მაგალითი გვაქვს, როდესაც მთელი სახელმწიფო იმართებოდა სწორედ ფარული ჩანაწერების მეშვეობით და შანტაჟით.


მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის მოხსნილი დღის წესრიგიდან - არის თუ არა პოლიტიკური ნება. ოპონენტების მთელი გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო სტრუქტურას.


მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკური ნება არ გააჩნია. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ახლაც, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები ვაშინგტონში არიან წასულები და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების თემა გაცილებით მძიმედ არის დღის წესრიგში, ვიდრე შეიძლება გვეგონოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველდღიურად არ ხდება რაღაც უბედურებები.


მეოთხე, რაც მთავარია - საკონსტიტუციო სასამართლოს პრინციპული მოთხოვნა შესრულებულია. სტრუქტურა, მართალია ფორმალურად შექმნილია უსაფრთხოების სამსახურის წიაღში, მაგრამ მის მიმართ ანგარიშვალდებულება არ გააჩნია. ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი შესაბამისად არის გაძლიერებული. ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენი უსაფრთხოების ხარჯზე ვერ დავიწყებთ. წადი იქ და არ ვიცი, სად და მოიტანე ის, არ ვიცი, რა მოვიტანო - ეს არის ჩვენი დღევანდელი ოპონენტებისა და მათ შორის ჩვენი პრეზიდენტის დამოკიდებულებაც.

 

- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანხმობა მისცა, რომ „სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ. რა შეიძლება შეცვალოს ამან საქართველოსთან ურთიერთობაში?

 

- რომელ სამხედრო დანაყოფებზეა ლაპარაკი?! ეს არის გალიაში გამომწყვდეული რამდენიმე ათასი ადამიანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ რესურსი, წავიდნენ ჩრდილოეთით და არ უშვებენ, რომ წამოვიდნენ საქართველოში... ეს რუსეთისთვის საკუთარ ფეხში სროლასავით არის. იმ ყველაფერის გამო, რაც ხდება, ადამიანების გატაცებით დაწყებული, ისედაც ყველანი რუსეთს ვახსენებდით და დე-ფაქტო ხელისუფლებაზე არავინ საუბრობდა, ახლა სრულად იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება. პუტინის განცხადება ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ პოლიტიკურად მოგვარდეს ჩვენი ურთიერთობა, წინ ვერ აღუდგება. გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და განაცხადა, რომ თურმე, ეს ნიშანია იმის, რომ ოკუპაციის შემდეგ ანექსია ხდება. შუბლზე ძარღვგაწყვეტილობის უმაღლესი კატეგორიაა. ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკამ და დღეს უნდათ, რომ ტურბულენტობა შეინარჩუნონ და ამისგან შექმნან წარმოუდგენელი სკანდალი. სკანდალური თემაა, მაგრამ მსოფლიო ამას ადეკვატურად აფასებს. დღემდე, როგორც მაოხრებელი გზირის შესახებ იგავ-არაკშია ნათქვამი, ვიმკით იმ მძიმე შედეგებს, რაც დაუშვეს და რის გამოც ტერიტორია უკუპირებულია. რუსეთის მიმართ საერთაშორისო დამოკიდებულების გაუარესების გარდა სხვა ცვლილება ამას არ მოჰყვება და აქვე ვიტყვი, რომ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ტერიტორიები ოკუპირებულია, ანექსიის მცდელობები სახეზეა და ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიებს არანაირი სიკეთე არ ეტყობათ.


- სპორტის მიმართულებით, რუსეთი აფხაზეთს ჰპირდება, რომ კარატისტების ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს...


- 90-იანი წლებიდან ასეა ეს. არ უნდა დავუშვათ, რომ სადღაც მსოფლიო ჩემპიონატზე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშა აფრიალდეს. რუსეთი რომ არ იყენებდეს აფხაზეთს პოლიტიკური წარმატების თემად, ახალგაზრდებს, რომელთა ძირითადი ნაწილი არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ტურნირში ჩაერთონ. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობები უნდა განვავითაროთ და თუ აფხაზებს რაიმე საერთაშორისო ტურნირზე გასვლა უნდათ, თბილისი ამისთვის ყველანაირ პირობას მისცემს და მათ შორის, ეკონომიკური პროექტების განხორციელების კუთხითაც.


- ბათუმში განვითარებულ მოვლენებს რომ შევეხოთ, სამართალდამცავების მუშაობას როგორ შეაფასებთ?


- ძალიან დიდი ფასია რამდენიმე დამწვარი პოლიციის მანქანა და არამარტო მატერიალური ფასი... მცდელობა იყო, რომ დარტყმა მიეყენებინათ საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის. თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალი შეფასებულია დადებითად, ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ, ასეთი საქციელით, რაც ბათუმში ვნახეთ, უფრო მეტად სახელმწიფოს ადგება დარტყმა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ სწორად, პროფესიონალურად და ადამიანურად იმოქედა, თუნცად იმიტომ, რომ ზარალის მომყენებელი ადამიანების უკან დგანან ახლობლები... შეიძლებოდა ყველას დასისხლიანება და შემდეგ მათთვის რაღაცეების დაბრალება, მაგრამ ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამაზიანებელი, ამიტომ პრაგმატულადაც და ადამიანურადაც, პოლიციამ სწორად იმოქმედა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner