პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) თბილისის რეგიონული ოფისის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. მას მეგზურობა AFD-ს აზიის დეპარტამენტის დირექტორმა პასკალ პაკომ გაუწია და სააგენტოს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების ამოქმედებაში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
„ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად. მათ შორის, საინტერესო იქნება ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამთო მიმართულებები", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა პრეზენტაციაზე. მისი თქმით, საქართველო AFD-სთან საბიუჯეტო დახმარების 100 მილნ ევროს ოდენობის პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებას.
თავის მხრივ, სააგენტოს აზიის დეპარტამენტის დირექტორმა პასკალ პაკომ გაანცხადა, რომ თბილისის ოფისის შექმნა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის „AFD ჯგუფში", რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და გააჩნია დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი და ბიურო.