პირველად ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ქართველ მწერალს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa" უმასპინძლებს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, 23-26 მარტს, 2017 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 15 ქართველი ავტორითა და 15-მდე ახალი გერმანულენოვანი გამოცემით წარდგება.
პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის ლიტერატურული ღონისძიებით და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. წარდგენილი იქნება როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკოსი ავტორების შემოქმედება, პოეზია და პროზა, რომანები, მოთხრობები, ესეები, დრამატურგია. ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილი 20-მდე ღონისძიება როგორც ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე, ასევე ქალაქის ცნობილ ლიტერატურულ სალონებში გაიმართება.
საკუთარ ნაწარმოებებს გერმანელ მკითხველს ნაირა გელაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა ქევანიშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ნიკა ჯორჯანელი, დიანა ანფიმიადი, ბესო ხვედელიძე, აბო იაშაღაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, დათო ბარბაქაძე მთარგმნელებთან, გერმანელ გამომცემლებთან და უცხოელ მოდერატორებთან ერთად გააცნობენ. გაიმართება მიხეილ ჯავახიშვილის, ბადრი გუგუშვილისა და შოთა ჩანტლაძის ახალი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაციები. გერმანულ საზოგადოებას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, რედაქტორი და გამომცემელი ბარბარა ვაიდლე და ქართველი მწერალი დავით გაბუნია ქართულ დრამატურგიას თეატრალიზებული კითხვის ფონზე წარუდგენენ.
ლაიფციგში მიწვეულია „ცოცხალი წიგნებიც" - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის 2 მონაწილე პოეტი ეკა ქევანიშვილი და ნიკოლოზ ჯორჯანელი 24 მარტს, წიგნის ბაზრობაზე გერმანელ მკითხველთან შეხვედრას გამართავენ; მოეწყობა პოეზიის საჯარო კითხვა გერმანულ ენაზე.
მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ლაიფციგის წიგნის ბაზრობის პრესტიჟული ლიტერატურული პლატფორმა „Das Blaue Sofa" თანამედროვე ქართველ მწერალს ნაირა გელაშვილს უმასპინძლებს. ავტორი საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებს და რომანის „მე ის ვარ" უახლეს გერმანულენოვან თარგმანს წარადგენს, რომელიც ცნობილმა და გავლენიანმა გამომცემლობამ „Verbrecher Verlag Jörg Sundermeier" გასული წლის ბოლოს გამოსცა.
ქართული საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება „ბიზნეს ლანჩი", სადაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები 15-მდე გერმანელ გამომცემელს ქართველ საბავშვო ავტორებს გააცნობენ. ქართული ლიტერატურის გაცნობისა და ინტერესის გაზრდის მიზნით, 2018 წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილია ცენტრის ხელმძღვანელის მედეა მეტრეველის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.
მარტში, გერმანიაში დაგეგმილი ქართული ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, ბერლინის ცნობილ ლიტერატურულ სივრცეებში დაგეგმილია ზაზა ბურჭულაძის „ტურისტის საუზმის" (გამომცემლობა Blümenbar/Aufbau), აბო იაშაღაშვილის „როიალ მერის" (გამომცემლობა Edition. FotoTAPETA) და ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას" (გამომცემლობა Hans Schiler) ახალი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაციები.
ლიტერატურული ღონისძიებები საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნის ფარგლებში იმართება. ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით მეექვსე წელია მონაწილეობს. გერმანიაში ქართული ლიტერატურული პროგრამა გერმანელი გამომცემლების მხარდაჭერით ხორციელდება.