ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ახალგაზრდა ადვოკატები" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შემოტანის რეკომენდაციით მიმართავს", - ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა არჩილ ნადირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების ცნების გაჩენას და სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების დროებით სარგებლობაში გადაცემის განსაზღვრას მოითხოვს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციით გათვალისწინებული ფარგლების გადასინჯვის პროცესში ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსამართლეთა სოციალური დაცვის რეალური, რელევანტური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გარანტიების შექმნის საკითხს. სამწუხაროდ, დღევანდელი კონსტიტუცია მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიის ცნებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული დეფინიცია გვხდება მხოლოდ „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონში. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელსაც ემსახურება მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები, ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადოდ დაცული და რიგ შემთხვევებში გამოიყენება მოსამართლეთა რეალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
ქართულ სასამართლოს ისტორია იცნობს რამდენიმე ფაქტს, მაგალითად, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ივნისში მიღებული განკარგულების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით გადასცა. დაახლოებით, ასეთი შემთხვევა გვხვდება 2016 წელს, როდესაც სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნის განხორციელება დაისახა არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ახალი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართი, ასევე საკუთრების უფლებით უნდა გადაცემულიყო, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. თუმცა, ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის შედეგად, ეს გეგმა აღარ განხორციელებულა, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად, საკუთრების უფლებით გადაცემის პერსპექტივაზე.
ორგანიზაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას რეკომენდაციით მიმართავს და მოითხოვს, რომ კონსტიტუციის 84-ე მუხლს შემდეგი რედაქციით დაემატოს მე-5 ნაწილი, რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი დეფინიცია: „სახელმწიფო უზრუნველყოს საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, საერთო სასამართლოების წევრს, მათი მართლმსაჯულების განხორციელების ადგილას, სახელმწიფო დროებითი სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ვადით". კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენის მიზანი ემსახურება სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის დაცვას.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენიშეთანხმება შესაბამისობაში მოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებთან, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, რომელთა დასკვნებითაც, არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი.
ჩვენი ორგანიზაცია მზად არის, საკონსტიტუციო კომისიასთან ერთად იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და გამართოს დისკუსია და სამუშაო შეხვედრა", - განაცხადა არჩილ ნადირაძემ.