ლეგენდარული კინგ კონგი კინოეკრანებზე დაბრუნდა. Warner brothers-ისა და legendary pictures-ის ახალი ნამუშევარი, ჯორდან ვოტ-რობერტსის რეჟისორობით, მოგვითხრობს, მაძიებელთა ჯგუფზე, რომელიც ვიეტნამის ომის მიწურულს სახელმწიფოს დაფინანსებით მიემგზავრება ახლად აღმოჩენილ კუნძულზე, მისი მისტიური არსებების გამოსაკვლევად.
ახალი კონგი, ალბათ, ყველას გაახსენებს გარეტ ედვარდსის გოძილასა თუ პიტერ ჯექსონის რეჟისორობით 2005 წელს გადაღებულ კინგ კონგს, რომელმაც არა ერთი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის ამერიკის კინო აკადეემის ჯილდო საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისა და ხმის მონტაჟისთვის. თუმცა ჯორდან ვოტ-რობერტსი აცხადებს, რომ მის ფილმში კონგი სრულიად განსხვავებული და იმაზე ბევრად გრანდიოზულია ვიდრე აქამდე გვინახავს. მისი სიმაღლე 100 მეტრს აღწევს, როდესაც პიტერ ჯექსონის კონგი მხოლოდ 25 მეტრი იყო. რეჟისორის თქმით, მას სურდა შეექმნა ისეთი გმირი, რომელიც პირქუშად დაიარება კუნძულზე და მარტოხელა ღმერთის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ახალ მძაფრსიუჟეტიან, სამეცნიერო ფანტასტიკაში, რომლის ბიუჯეტი 190 მილიონი დოლარია, მთავარ როლებს ტომ ჰიდლსტონი, სამიუელ ლ ჯეკსონი, ბრი ლარსონი, ჯონ სი რაილი, ტობი კებელი და ჯონ გუდმანი ასრულებენ.
ფილმის ნახვა ქართველ მაყურებელს უკვე შეუძლია 3D - სა და Imax-ში.