საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს" დღის ცენტრ „ცისარტყელას", სადღეღამისო თავშესაფარ „ბეღურების" და ააიპ „მშობელთა ხიდის" ბენეფიციარებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა მოზარდებთან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია თემებზე: რა არის ნარკოტიკი; ნარკოტიკული საშუალების სახეები; რა შედეგი მოსდევს ნარკოტიკის მოხმარებას; ნარკოტიკული დანაშაული და სასჯელები, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკულ დანაშაულზე. შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია განხილული საკითხების შესახებ, რა დროსაც პროკურორებმა მოზარდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
საქართველოს პროკურატურამ ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეული 2017 წლის 20 მარტიდან დაიწყო. კვირეულის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეებთან და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართეს.