ავტორი მარიამ პაიჭაძე
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბარში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი დესტაბილიზაციის მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შედის. საყვარელიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესებში, შესაძლოა, რუსეთიც იყოს ჩართული.
- ბათუმში გამართული აქცია, თქვენი შეფასებით, იყო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გაპროტესტება თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია?
- ვფიქრობ, ბათუმის მოვლენები იყო პროტესტის ნაპერწკალიდან დაწყებული და ნავთის დასხმა, მეტ-ნაკლებად, გამიზნულად მოხდა. გამზადებული საშუალებები და არსებული მოწოდებები მიმანიშნებელია იმაზე, რომ უფრო ორგანიზებული ძალა ჩაერთო, ვიდრე სტიქიური აღშფოთება არის ხოლმე. ხშირად ხდება, როცა ასე რაღაც დაიწყება, მაგრამ შემდეგ, ამ იმპულსზე ჩაერთვებიან ხოლმე ისინი, ვინც დაინტერესებულები არიან, მათ შორის, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე". ეჭვი არ მეპარება, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიიღო ამ პროცესმა მიუღებელი სახე და მოგვიანებით, მათაც უარი თქვეს დამწვარი მანქანების და ჩამტვრეული შუშების სოლიდარობაზე, მაგრამ რაღაც ეტაპზე, სოლიდარულები იყვნენ. „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში შედის ანალოგიური დესტაბილიციის მომარაგება პოლიტიკური ბრძოლისთვის. თუმცა, როდესაც დაინახეს, რომ ამ პროცესის ყველა შეფასება ნეგატიური იყო, სცადეს, ეს პოლიტიკურ დატვირთვა მოეშორებინათ. პოლიტიკოსების საყურადღებოდ - სტიქიური პროცესების ნურც გამოწვევას და ნურც გამოყენებას ნუ ეცდებიან, თორემ შემდეგ საით შეტრიალდება, არავინ იცის. მათი მართვა ძალიან ძნელია. შეიძლება მართული არ იყოს, მაგრამ იმის საწინააღმდეგო შედეგი მისცეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, ვიდრე ჩაფიქრებული აქვთ.
- არის კრიტიკა, რომ ხელისუფლებამ დროულად ვერ მოახერხა ბათუმის მოვლენებზე რეაგირება და შეიძლებოდა ამ შედეგების თავიდან აცილება...
- უცხოეთს რომ შევხედოთ, იქაც ტრიალდება მანქანები, ცეცხლი ეკიდება, შუშები იმტვრევა... ანალოგიურად, იქაც შეიძლება დავსვათ საკითხი, სად არის პოლიცია და რატომ არ შეაჩერებს დროზე... არ შეაჩერებს, რადგან ასეთი სტიქიური პროცესის პიკში რომ შეხვიდე, აუცილებლად მოხდება სისხლისღვრა. მართლაც, არცერთი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც საქართველოსთვის, არცერთი მანქანა არ ღირს ერთი ადამიანის ერთ წვეთ სისხლადაც კი. ხელისუფლებამ უფრო ადრე არ იმოქმედა, რათა მეტ-ნაკლებად გადავლილი ყოფილიყო სიმძაფრე და მშვიდობიანად მოხერხებულიყო დაშლა. ფაქტობრივად, ეს ალტერნატივაა. ვინც ჩივის, რომ ხელისუფლებამ დროზე არ მოახდინა რეაგირება, ან არ ფიქრობს, ან არ ანაღვლებს ის, რომ ძალა რომ ჩართულიყო დროზე, ამას მოჰყვებოდა სისხლისღვრა.
- იყო ასეთი მოსაზრებებიც, რომ ბათუმის მოვლენებში შესაძლოა, მესამე ძალის ინტერესები ყოფილიყო, ვგულისხმობ რუსეთს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და თქვენი აზრით, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ არეულობის დასაწყისი რუსეთს თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა?
- თუ „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობს, რაც ჯერ არ დამტკიცებულა, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი იყოს ჩართული, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხშირად დგამს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელია, ომიდან დაწყებული და მანამდეც... მაგრამ, ასეთი ენერგიული ჩართულობა, მეეჭვება, რომ „ნაციონალების" წამოწყებული იყოს და თან ვერ ვხედავ რუსეთისთვის იმის საჭიროებას, რომ არეულობა გამოიწვიოს. ყური შევაჩვიეთ იმას, რომ რადგან არეულობა ხდება, რუსეთს აწყობს... საერთოდ, არც აწყობს და არც უშლის. არ იხედება საქართველოსკენ. მას სხვა პრობლემები აქვს - სირიაშია ჩართული, ევროპასა და ამერიკას ეჭიდავება, სხვა მასშტაბებში მოქმედებს, ვიდრე კავკასიისა და მითუმეტეს, საქართველოს მასშტაბია.
თუ ასეთი დინამიკური პროცესი, რომელსაც შედეგი იქვე უნდა მოჰყვეს, ვინმეს სჭირდება, მას გამზადებული უნდა ჰქონდეს ამ შედეგის მიზეზის დანარჩენი ნაბიჯებიც. ასეთი გამზადებული ნაბიჯები არ ჩანს და მხოლოდ შფოთი ჩაწყნარდება. რაც შეეხება გრძელვადიან ვარიანტებს, რომლის შედეგი შეიძლება მომავალში იყოს, იქ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი რაღაც სვლებს აკეთებდეს. დღევანდელი დღისთვის არ სცალია, მაგრამ სამომავლოდ პროცესების დაბევება, შესაძლოა, მის ინტერესებში შედიოდეს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანხმობა მისცა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყვნენ. რა შეიძლება შეცვალოს ამან საქართველოსა და რუსეთის, ან საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების ურთიერთობასთან ან ხელისუფლების მხრიდან თუ უნდა გადაიდგას რამე კონკრეტული ნაბიჯები?
- ამით რუსეთმა ოსური საჯარისო ფორმირებები კი არ შეიყვანა რუსულში, ფაქტობრივად, ოსეთში რუსეთის ჯარის ყოფნა დააკანონა და ანექსიის შემდგომი ნაბიჯი განახორციელა, რაც მოსალოდნელი იყო. ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ ეს ამბავი მსოფლიოს შევატყობინოთ. იყო განცხადებაც იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არის ერთადერთი ენა, რომელიც ესმის რუსეთს. სანქციების ენა ესმის რუსეთს?! ეგ ენაც არ ესმის! უკრაინასთან დაკავშირებით მსოფლიომ სანქციები შემოიტანა, შეჩერდა უკრაინაში პროცესი? ის პათოსი, რომ მასწავლებელს ვუთხრათ და ის დასჯის, არ გამოდგება, რადგან ეს ხულიგანი, მასწავლებელს აქეთ უზამს ცუდ საქმეს. რუსეთი, დღესდღეობით, „ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთად მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ხულიგანია. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დაიწყებს შეტყობინების პრიცესს, რუსეთისგან აგრესია შესაძლებელია. მსოფლიოს მაშინ არ გავხსენებივართ, როცა ტერიტორიები დავკარგეთ და სანქციებს შემოიღებენ მაშინ, როცა უკრაინის სანქციები ვერ გადაუხარშავთ?
რატომ უნდათ პოლიტიკოსებს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს, რუსეთსა და სხვა რეგიონებში დასავლეთის ნათქვამი სიტყვა შესრულდება? ასეთი დევალვაცია, რაც დღეს პოლიტიკურ განცხადებებს აქვს, საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა. პრაქტიკულად, არც ხელისუფლების და მითუმეტეს, არც ოპოზიციის განცხადებები მოსახლეობაში ყურადღებასაც კი აღარ იმსახურებენ. მხოლოდ ლოზუნგიდან განცხადების თქმის ეტაპმა გაიარა. არ აქვს ქართველ საზოგადოებას ის განცდა, რომ რუსეთთან დაპირისპირება მათთან ურთიერთობის შედეგიანი გზაა. ამერიკა აპირებს დაპირისპირებას, ოღონდ ისე, რომ სიტყვებით სულ ცდილობს, რუსეთი კმაყოფილი ამყოფოს, სამაგიეროდ, ზრდის სამხედრო ბიუჯეტს და ამით უნდა გავლენა მოახდინოს რუსეთზე. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ სამხედრო ბიუჯეტი რუსეთისთვის სახიფათო დონემდე გავზარდოთ. თუ ამერიკა ცდილობს, რომ არ გაამწვავოს ურთიერთობები და ამით აპირებს აჯობოს რუსეთს, ჩვენც დავუკვირდეთ... წითელი ნაჭრის ფრიალის გარდა დიპლომატიაც არსებობს. საზოგადოებაში, რომელიც ტრამპსაც უყურებს, ევროპასაც, სანქციების შედგებსაც ხედავს, არის ეს აზრი, რომ რასაც ოპოზიცია გაჰკივის, არ არის ადეკვატური. არაადეკვატური ოჯახის წევრი არ გინდა ხანდახან ადამიანს და პოლიტიკოსი, რომელსაც შენი სახელმწიფოს მართვის პრეტენზია აქვს, ენდომება საზოგადოებას?! ასე რომ, პოლიტიკოსები თუ იფიქრებენ იმაზე, რომ უფრო ადეკვატური მოაზროვნეების შთაბეჭდილება დატოვონ, მათი პერსპექტივისთვისაც აჯობებს.
- ფსოუსა და როკის გვირაბთან შვეიცარიელი მებაჟეების განლაგებასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ გაფორმებული შეთანხმება უნდა დაიძრას. რა შეიძლება იყოს სარგებელი ამ შემთხვევაში და რამდენად მნიშვნელოვანია, თუ შვეიცარიელი მებაჟეები განლაგდებიან ამ ტერიტორიაზე?
- ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, რა სტრატეგიული გეგმა უდევს მაგიდის ქვეშ ხელისუფლებას. თუ სტრატეგია დაპირისპირებისა და ბლოკადების ხარჯზე შედეგების მიღებაა, მაშინ ამ სტრატეგიას ეწინააღმდეგება ეგ იდეა, მაგრამ თუ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ლავირების ეტაპი შეიძლება დაიწყოს და გვაქვს ზუსტად გაწერილი გეგმა, მაშინ ანალოგიური ვარიანტების გათამაშება, რა თქმა უნდა, უპრიანია.
- პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. როგორ შეაფასებთ მის ამ გადაწყეტილებას?
- საარჩევნო კამპანიის დროს იყო დაპირება იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამთავრობო კომპლექსს ააშენებდნენ? თუ იყო ასეთი დაპირება, მაშინ კარგია, რომ აშენებენ. რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, მას შემდეგ დღეც არ გააცდინა, ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოს თავისი დაპირებები. პოლიტიკას, ისევე როგორც ბიზნესს, უყვარს დანაპირების შესრულება. თუ დანარჩენი დანაპირები არ არის შესრულებული და ეს პირობა ხელისუფლებას არჩევნებში არ დაუდია, მაშინ აჯობებს, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას მაშინ, როცა სხვა დანარჩენი დაპირებები შესრულდება.
- პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია... ბოლო პერიოდში აშკარა დაპირისპირებაა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის. როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს და რას უკავშირებთ ამას?
- ალბათ, კარგი იქნება, ყველა მხარემ რომ იფიქროს იმაზე, რა შთაბეჭდილებას ტოვებს მოსახლეობაზე მათი ესა თუ ის ნაბიჯი. ისევ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება, ღიმილისმომგვრელი ვეტო, რომლის მიმართაც სერიოზული დამოკიდებულება აღარ არის. არც იმის მიმართ აღარ არის სერიოზული დამოკიდებულება, რომ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება მოსმენების სამსახური... გამოიკითხონ, მოსახლეობის დიდ ნაწილს სულ არ აწუხებს მოსმენების თემა, არ არის იმდენად მწვავე. ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების კონცენტრაცია ამ საკითხზე, ამდენი ხნის განმავლობაში, გამაღიზიანებელია, იმ ფონზე, როცა საწვავზე აქციზი გაიზარდა და ამან გაზარდა მთელი რიგი საქონლის ფასები - ეს პრობლემა გაცილებით ნაკლები მსჯელობის საგანია. არაეფექტური ნაბიჯები ეკონომიკაში სახელმწიფოს უშიშროებისთვის კითხვის ნიშანს არ აჩენს? როდესაც ბათუმი გაქვს ზურგს უკან, რომელიც მიკროჯანყია, რაც შეიძლება ყველამ გამოიყენოს, არ დგას უსაფრთხოების საბჭოს წინაშე ასეთი ამოცანა? თუ მარტო მოსმენები და NATO-ს წევრობაა მოსახლეობისთვის აქტუალური? თუ იმას არ შეიტან პოლიტიკური დღის წესრიგში, რაც მოსახლეობისთვის აქტუალურია, იმას შენი პოლიტიკოსობა აღარ დააინტერესებს, გინდ პარლამენტარი იყო და გინდ პრეზიდენტი. ყბადაღებული გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის ნახევარი არ მოვიდაო, ახლა შეიძლება მეოთხედიც სანატრელი გაგვიხდეს, იმდენად მოსწყინდა ხალხს. პოლიცია თურმე უდებს, ისმენს - პოლიციის ღირებულება უკვე გადავაგდეთ. პრეზიდენტი ჭირვეულობს - პრეზიდენტი, როგორც ღირებულება, უკვე მოხსნილია, პარლამენტი ხელს უწყობს მოსმენებს - პარლამენტიც უკვე გადაგდებულია... საპატრიარქო იყო ერთადერთი იმედი და ისეთი ტალღაა წამოსული, რომ უკვე ერთი ადამიანის იმედიღა რჩება... ცოდოა ეს ხალხი... ამ ფონზე, 2017 და 2018 წლებში, შესაძლოა, არჩევნების ჩატარება გაგვიჭირდეს... ამაზე თუ დაფიქრდებიან პოლიტიკოსები, კარგს იზამენ...