logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია: ძმები ყარამანიშვილების წინადადებას ვპასუხობთ უარით!
- +

24 მარტი. 2017. 03:37



„რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებას უარით პასუხობენ. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სამაუწყებლო კომპანიის აქციების მფლობელების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და უარის მიზეზები განმარტა.


„ჩვენ, „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა, განვიხილეთ ძმები ყარამანიშვილების განცხადება ჩვენთვის მათი კუთვნილი 40-პროცენტიანი წილის გამოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ მათ ამ შემოთავაზებისთვის, თუმცა, ამ წინადადებას ვპასუხობთ უარით.

ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს. პირველი, ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40-პროცენტიანი წილის „რუსთავი 2"-ის გუნდისთვის გადმოცემა პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამეთუ „რუსთავი 2"-ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9 პროცენტის წილის მეწილის, ნინო ნიჟარაძის, თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისითაც წარმოადგენს ფიქციას. რაც, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ძმებ ყარამანიშვილებს, გამორჩათ მხედველობიდან. მეორე, ამას გარდა, რაც მთავარია, კომპანიის 40-პროცენტიანი წილის ფლობა პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია „საქართველოს“, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51-პროცენტიან წილს ფლობს და ტელეკომპანია „საქართველოს“ მესაკუთრეებიც არიან ძმები ყარამანიშვილები. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ერთგვარად ფიქტიურია, რადგან კოლექტივისთვის კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართულობის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის.

 

მესამე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით. საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს „ტელეკომპანია საქართველო“, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად, და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს „ტელეკომპანია საქართველო“ არ არის დაყადაღებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს „რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე", - განაცხადა გვარამიამ.


ცნობისთვის,  ლევან და გია ყარამანიშვილები აცხადებენ, რომ მზად არიან, „რუსთავი 2"-ის წილების 40% თანამშრომლებს გადასცენ. ყარამანიშვილები „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ მზად არიან, ხელშეკრულება წილების გადაცემის თაობაზე დაუყოვნებლივ გააფორმონ, რომელიც ძალაში ყადაღის მოხსნის შემდეგ შევა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner