თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა Doğan TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ევროპულ ქვეყნებს ფაშისტურად იქამდე მოიხსენიებს, ვიდრე მას ამ ქვეყნების ლიდერები დიქტატორს უწოდებენ.
„თქვენ თავს უფლებას აძლევთ, ერდოღანს დიქტატორი უწოდოთ, მაგრამ ერდოღანს უფლება არ აქვს, თქვენ ფაშისტები ან ნაცისტები გიწოდოთ. არავის ეწყინოს, მაგრამ მათ ფაშისტებად იქამდე მოვიხსენიებ, ვიდრე მე დიქტატორად მომიხსენიებენ.
გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ჩემთან მიმართებაში განცხადება გააკეთა, თუმცა, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ვწუხვარ მისი ამ განცხადების გამო. ნეტავ მსგავსი განცხადება არ გაეკეთებინა", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მოუწოდა, შეწყვიტოს ევროპის ქვეყნების ლიდერების ნაცისტებთან შედარება და ზიანი არ მიაყენოს პარტნიორულ ურთიერთობებს.