სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „ჯი-არ-სი" ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯი არ სი"-ს პირდაპირი მიყიდვით ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე 5 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.
კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის. მოთუთიებული და მოთუთიებულ-შეღებილი 1 ტონა ნედლეულის სარეალიზაციო ფასი 2 150 ლარიდან-4 700 ლარამდე მერყეობს.
შპს „ჯი-არ-სი" „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდა. საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს შეადგენს.