გთავაზობთ გაზეთ „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ბახუტაშვილთან.
გასულ კვირას მოსკოვში ქართველი ექიმის ლეო ბოკერიას მიერ გაკეთებულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც 23 წლის ქალს ღორის გულის სარქველი გადაუნერგეს, რუსულმა საიტებმა მედიცინაში გადატრიალება და სენსაცია უწოდეს. გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულსისხლძარღვთა ქირურგმა, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ბახუტაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი ოპერაციები საქართველოში დიდი ხანია კეთდება და პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის გულის სარქველი გადაუნერგა, უკვე 85 წლისაა:
- ლეო ბოკერიას ძალიან კარგად ვიცნობ, მასთან გავიარე ასპირანტურა. თბილისში, ჩვენს განყოფილებაშიც არის ნამყოფი. არც მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრია ჩემთვის უცხო, სადაც ბატონმა ლეომ ოპერაცია გააკეთა, კარდიოქირურგიული კარიერა იქ დავიწყე. ჩემს დროს ამ ცენტრის დირექტორი გახლდათ ვლადიმერ ბურაკოვსკი, რომელიც თბილისში იყო დაბადებული.
- ბატონო ზვიად, გავრცელებული ინფორმაციით, ლეო ბოკერიამ მოსკოვში სენსაციური ოპერაცია ჩაატარა, 23 წლის ქალს ღორის გულის სარქველი გადაუნერგა...
- ამ რეპორტაჟს მეც ვუყურე. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიკარგა, ვიდრე ის, რაც აჩვენეს. ახალი არ არის ის, რომ პაციენტს ღორის გულის სარქველი გადაუნერგეს. ჩაფიძის გულის ცენტრში ანალოგიური ოპერაციების კეთება 2001 წლიდან დაიწყო, ხოლო 2-3 წელიწადში ეს პრაქტიკა უკვე სხვა კლინიკებშიც გაგრძელდა. მეტსაც გეტყვით: ევროპაში მეათე კლინიკა ვართ, სადაც ე.წ. „ოზაკის ოპერაცია" კეთდება, როცა გულის სარქველის შეცვლა ხდება არა ხელოვნური ან ცხოველიდან აღებული სარქველით, არამედ თავად პაციენტის პერიკარდიუმიდან (გულის პერანგიდან) აღებული მასალით. უკვე ცხრა ოპერაცია ჩავატარეთ და ცხრავე პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს. აღნიშნული მეთოდიკის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მექანიკურ სარქველებთან შედარებით არ საჭიროებს სისხლის გამათხელებლების დანიშვნას (როგორიცაა ვარფარინი), თითქმის შენარჩუნებულია აორტის სარქვლის ბუნებრივი სტრუქტურა და, შესაბამისად, ჰემოდინამიკური პარამეტრები.
- პირადად თქვენ როდის გადანერგეთ ღორის გულის სარქველი?
- 2003 წელს 71 წლის სოსო ხონელიძეს გადავუნერგე, რომელიც დღეს 85 წლისაა და თავს ძალიან კარგად გრძნობს.
- გარდა ღორის სარქვლისა, ბიოლოგიურ მასალად კიდევ რომელი ცხოველის სარქველი შეიძლება გამოიყენოთ?
- არსებობს ხბოს პერიკარდიუმიდან დამზადებული სარქველი, რომელიც ღორის სარქველზე უკეთესია, მაგრამ გაცილებით ძვირი ღირს. ამ ბიოლოგიური მასალის ფასი, ოპერაციის გარეშე, 5000 ევრომდე მერყეობს. ყველაზე იაფი 1 500 დოლარი ღირს. ამ სარქველებს ძირითადად ამერიკული კომპანიები აწარმოებენ. სხვადასხვა ზომის ბიოლოგიურ სარქველებს საოპერაციოს მაცივარში სპეციალურ ტემპერატურის პირობებში ვინახავთ, როცა გვჭირდება, სპეციალურ ხსნარში ვრეცხავთ. წელიწადში დაახლოებით 80 სარქველს ვიყენებთ, მთლიანად საქართველოში კი, ალბათ, 200-300 ცალს.
- რა სხვაობაა მექანიკურ, ანუ ხელოვნურ სარქველსა და ბიოლოგიურ სარქველს შორის?
- დიდი სხვაობა არ არის, რადგან ოპერაციის დროს კარდიოქირურგს ერთი და იგივე სამუშაო აქვს შესასრულებელი. ბიოლოგიური სარქველი 10-15 წელი ძლებს, მექანიკური - შედარებით დიდხანს. თუმცა, მექანიკური სარქველის მქონე პაციენტმა სისხლის გამათხელებელი საშუალება უნდა მიიღოს და რისკი დიდია. სხვა ოპერაცია რომ დასჭირდეს, ან თუნდაც კბილი ამოიღოს, შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა. ბიოლოგიური სარქველის არსებობის შემთხვევაში ეს რისკები არ არსებობს. არაბულ ქვეყნებში, რომელიმე ქალბატონს თუ ბიოლოგიური სარქველი გადაენერგა, შვილოსნობის უნარი რომ არ დაკარგოს, წლების შემდეგ ამ სარქველს უცვლიან და შემდეგ გართულების გარეშე აჩენენ ბავშვებს.
- რა დროიდან დაიწყეთ პაციენტებზე მექანიკური სარქველის გამოყენება?
- 1992 წლიდან, მოსკოვიდან გარკვეული ჯგუფი ჩამოვიდა და ქირურგიის ინსტიტუტში დაიწყეს აქტიურად მუშაობა. კარდიოქირურგიაში დღეს ამ ინსტიტუტიდან წამოსული კადრები არიან. მექანიკური სარქველის მასალას პოლიკარბონი წარმოადგენს, სტენდზე 200 წელი აქვს გამძლეობა. ოღონდ არ უნდა დაითრომბოს.
- სარქველის შეცვლის კიდევ რა მეთოდიკა არსებობს?
- სხვა მეთოდიც არსებობს, ზემოხსენებულ რეპორტაჟში ამაზეც იყო საუბარი. ეს გახლავთ სტენტით, ოპერაციის გარეშე, სარქველის ჩაყენება. უცხოეთის კლინიკაში აღნიშნული მეთოდი 10-15 წლის დანერგილია. ჩვენთანაც არის შესაძლებელი ამის გაკეთება, მაგრამ დაახლოებით 100 ათასი ლარი ღირს და ჩვენი პაციენტები ამხელა თანხას ვერ გადაიხდიან. ჩვეულებრივი წესით კი ოპერაციის გაკეთება გაცილებით იაფია.
- ცხოველები, რომლის გულის სარქველებსაც საოპერაციოდ იყენებენ, სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან?
- მათ სპეციალურად ზრდიან ფერმაში, ამასთან ყველა ცხოველი მაქსიმალურად გაშიფრულია, რადგან არ უნდა ჰქონდეს გენეტიკური დაავადებები. და კიდევ: იმ რეპორტაჟში აჩვენეს ღორი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა. ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ.
სოსო ხონელიძე - 85 წლის: - 2003 წელს ღორის სარქველი გადამინერგეს გულიკო ჩაფიძის სახელობის კლინიკაში. ოპერაცია გამიკეთა კარიოქირურგმა ზვიად ბახუტაშვილმა. ოპერაცია 5 საათი გაგრძელდა. მართალია, მექანიკურ სარქველს გაცილებით მეტი ვადა აქვს, მაგრამ ბიოლოგიური ვარჩიე. მექანიკური რომ გამეკეთებინა, მთელი ცხოვრება ვარფარინი (სისხლის გამათხელებელი) უნდა მიმეღო, ახლა მხოლოდ კარდიომაგნილს ვსვამ.
- საიდან გამოიწერეთ ბიოლოგიური მასალა?
- გერმანელი კარდიოქირურგი პიტერ ტოლერანი მაშინ ახალი ჩამოსული იყო და ჩაფიძის კლინიკაში ექიმებს კონსულტაციებს უწევდა. მითხრა - სარქველს გაჩუქებ და კიდეც ჩაგისვამო... ეს იყო ღორის გულის სარქველი, რომელიც 1500 დოლარი ღირდა. ოპერაციაზე დავთანხმდი, მცირე გართულება მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ცოტა ხანში სახლში დავბრუნდი, აღარც სიარული მიჭირდა, სოფელშიც მივხედე კარ-მიდამოს. ვიცოდი, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, მაგრამ თავს არ ვუფრთხილდებოდი, ამიტომაც დამემართა ფილტვების ანთება და ინფარქტი, ისევ ზვიადმა მიშველა. ჩაფიძის კლინიკაში შესანიშნავი კოლექტივია, მაია მესხია, ნონა დოლიძე, თამრიკო გორგილაძე, ზვიადის მეუღლე ლია ჯანელიძეც აქ მუშაობს- ანესთეზიოლოგია.
- ორგანიზმში გადანერგილი სარქველის სახით უცხო სხეულს არ გრძნობთ?
- სრულებითაც არა, თავიდან 6-7 თვე კორსეტს ვატარებდი, ახლა ხანდახან თუ ვიკეთებ. სტენტირებაც გაკეთებული მაქვს და გული მშვენივრად მუშაობს. ახლა რომ თქვეს, ადამიანისათვის ღორის გულის სარქველის გადანერგვის პირველი ოპერაცია ჩატარდაო, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, მე ხომ 14 წლის წინათ გამიკეთეს ეს ოპერაცია. მაშინ ჩემთან ერთად კლინიკაში იწვნენ კახელი ლადო მარხვაშვილი და რაჭველი იურა მაჭანკალაშვილი. პირველს შუნტირება გაუკეთეს, მეორეს - ხელოვნური სარქველი. სამწუხაროდ, ორივე გარდაიცვალა სხვა დაავადებების გამო, ჩემზე პატარები იყვნენ. მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი