logo_geo
eng_logo
„ფონდი „ქართუს“ მეშვეობით კულტურული ძეგლი ქალაქს გადაურჩა“ - ინტერვიუ დავით თედორაძესთან
- +

24 მარტი. 2017. 23:29




ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, თუ ჩაივლით, კლდიაშვილის კუთხეში, ერთ ძალიან ლამაზ შენობას თვალს ვერ აარიდებთ; შენობას, რომელიც კარგა ხანია ბათუმის კულტურულ ძეგლად ითვლება და ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც დანგრევას გადაურჩა; ეს გახლავთ „აჭარის მწერალთა სახლი" - ადგილი, სადაც უამრავი ნიჭიერი ავტორი დაფრთიანებულა და ოქროს ასოებით შესულა ქართული ლიტერატურის ისტორიაში.


ეს სახლი უკვე ასზე მეტი წლისაა და მის კედლებს გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, მამია ვარშანიძის, ირაკლი აბაშიძის, პარმენ ლორიას, ნოდარ დუმბაძის, ფრიდონ ხალვაშის, ოთარ ჭილაძის, ზურაბ გორგილაძის, ლადო სეიდიშვილისა და სხვათა და სხვათა ფეხის ხმა ახსოვს.


თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ წელს ამ შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა, თუ როგორ, ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ დავით თედორაძეს ვესაუბრეთ (აღსანიშნავია, რომ ბატონი დავითი 2016 წელს აჭარის მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია).


- მოგესალმებით, ბატონო დავით! გილოცავთ მწერალთა სახლის რეაბილიტებულ შენობას, წარმატებებს გისურვებთ და იქნებ, ორიოდე სიტყვით გვითხრათ ამ სახლზე, რა მდგომარეობაში იყო? ვისი მესვეურობით ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები და როგორ მოვიდა დღემდე ეს კულტურული ძეგლი?


- მადლობა გულწრფელი მოლოცვისთვის. მწერალთა სახლის შენობას, კულტურულის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციას 1958 წელს გადაეცა. მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. ერთადერთი - ბატონი ფრიდონ ხალვაშის ინიციატივითა და მოძიებული თანხებით დარბაზი და სასაწყობო სათავსოები მიუშენდა.


შენობა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო: სახურავიდან ჩამოდიოდა წყალი; გაფუჭებულ კარ-ფანჯრებს მავთულებით ვამაგრებდით, იატაკი ჩრჩილს ჰქონდა შეჭმული. მოკლედ, განადგურების პირას იყო მისული ეს უნიკალური სახლი.


წინა ხელისუფლებამ ფასადი და დამპალი კარ-ფანჯრები გადაღება, გარეგანათების ნათურები დაუყენა, უფრო მიმზიდველი რომ ყოფილიყო, და გასაყიდად მოამზადა, რაც ფაქტიურად ტრაგედია იყო მთელი მწერლობისათვის, თუმცა ღვთის ნებით, შენობა გაყიდვას გადაურჩა და „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ მწერლებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეწვია. გაოცებული დარჩა არსებული მდგომარეობით, შეგვპირდა შენობის რესტავრაციას, სიტყვა საქმედ აქცია და ფონდი „ქართუს" მეშვეობით კულტურული ძეგლი ქალაქს გადაურჩინა, აქვე ვისარგებლებ თქვენთან საუბრით და მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინას იმ ზრუნვისათვის, რასაც იჩენს ქართული კულტურისა და სულიერების გადასარჩენად.


- რეალურად წელს მოხდა ამ სახლის ა(ა)იპად გარდაქმნა, თქვენ რჩებით მწერალთა კავშირის აჭარის ფრთის თავმჯდომარედ, ვინ არის ამ სახლის დირექტორი? როგორ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას? ორიოდე სიტყვით, მკითხველს რომ გავაცნოთ და შევუქმნათ წარმოდგენა.

 

- მოგეხსენებათ, გარემონტებულ შენობას მოვლა-პატრონობა სჭირდება. წინა წლებში ერთი თეთრიც არ გვქონია სამეურნეო და კომუნალური ხარჯებისათვის, დღის წესრიგში დადგა (ისევე როგორც თბილისშია), ა(ა)იპ მწერალთა სახლის შექმნა, რათა სათანადოდ დაფინანსებულიყო კომუნალური მომსახურება, თანამშრომლების სარგოები და ჟურნალ „ჭოროხის" საგამომცემლო ხარჯები. აჭარის მწერალთა სახლის დირექტორად დაინიშნა მთარგმნელი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ლალი კონცელიძე.


ქალბატონი ლალი წლების განმავლობაში მუშაობდა ს.ს „გამომცემლობა აჭარაში" რედაქტორად, მთავარ რედაქტორად, დირექტორად, ამასთან იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქტორიც. ასე რომ, საკმაო გამოცდილება აქვს, რათა ღირსეულად გაართვას თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას. მას ამაში სიახლეების მოძიების უნარი, პრინციპულობა და კომუნიკაბელურობა შეუწყობს ხელს.


- რამდენი თანამშრომელია დასაქმებული და არის თუ არა საკმარისი ანაზღაურება შტატებზე?

 

- აჭარის მწერალთა სახლს 12 თანამშრომელი ჰყავს, ტექნიკურის ჩათვლით, ანაზღაურება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი.


- სიახლეებზე რომ ვისაუბროთ, ახალ სუნთქვაზე, არის თუ არა ახალი პროექტები, ახალი იდეები და როდიდან გახორციელდება?

 

- მწერალთა სახლის თანამშრომლებმა ახალი სუნთქვა შემოიტანეს მწერალთა კავშირისა და მთლიანად ჩვენი რეგიონის ცხოვრებაში და შემოქმედებით საქმიანობაში. არის მრავალი ახალი პროექტი, რაც ეტაპობრივად ხორციელდება. მაგალითისათვის მოვიყვან „პოეზიის დროს", რომელიც ყოველდღიურია და ერთი საათის განმავლობაში გადაიცემა ოქროს ფონდში დაცული ქართველი კლასიკოსების მიერ წაკითხული ლექსები. ამასთან, გარკვეული დრო ეთმობა ჩვენი დროისა და ახალგაზრდა თაობის მიერ წაკითხულ შემოქმედებას.


- ჟურნალ „ჭოროხზე" რას გვეტყვით? როგორც ვიცით, აღდგა მისი გამოცემა. როდის ვიხილავთ პირველ ნომერს? ასევე, გაზეთ „ბათუმელებში" დაიბეჭდა სტატია, სადაც წერია, რომ ჰონორარები აღარ გაიცემა; როდის შეწყდა ჰონორარების გაცემა?

 

- გასულ 2016 წელს სხვადასხვა მიზეზის გამო არ გამოსულა ჟურნალ „ჭოროხის" არც ერთი ნომერი; იმ ჟურნალისა, რომელიც ჩვენმა კლასიკოსებმა დააფუძნეს 1958 წელს და მანამდე არც ერთი ნომერი არ ჩავარდნილა. წელს ჟურნალი აღდგა თავისი სტაბილური დაფინანსებით. უახლოეს დღეებში გამოვა ამ წლის პირველი ნომერი. რაც შეეხება ავტორთა ჰონორარებს, ოთხმოცდაათიან წლებში შეწყდა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, თუმცა იმედი გვაქვს მისი აღდგენისა და ალბათ, მომავალში ასეც იქნება.


- თქვენ უმაღლესი საბჭოს წევრი ხართ, ყველას ებადება კითხვა და შესაბამისად, იქნებ, გავარკვიოთ მკითხველი, მოდის თუ არა შესაბამობაში აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობასთან საბჭოს წევრობა?

 

- ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცალსახად აღნიშნულია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების უფლებამოსილებას.


ასე რომ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს და ნებისმიერ სხვა თანამშრომელს მწერალთა სახლისას, ადმინისტრაციული ფუნქციები არ გააჩნია და ამდენად, შეუსაბამობაშიც არ მოდის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან.

 

- გვინდა გკითხოთ სტამბაზეც. შარშან, როგორც ვიცით, საკმაო რაოდენობის წიგნი დაიბეჭდა, რამდენი ლარი უჯდებოდა ავტორს საკუთარი წიგნის დაბეჭდვა და წელსაც იმუშავებს თუ არა სტამბა?

 

- იმ პერიოდიდან მოყოლებული რაც მე ს.ს „გამომცემლობა აჭარის" დირექტორი და შემდგომში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ვარ, მწერალთა კავშირის წევრის და თუნდაც არაწევრის წიგნი მწერალს საკუთარი სახსრებით არ გამოუცია. წიგნები ყოველთვის ფინანსდებოდა მთავრობის მიერ და ჰონორარის სახით მთელი ტირაჟი გადაეცემოდა ავტორს. აღვნიშნავ, რომ ლაპარაკია ლიტერატურაზე და არა - „ლიტერატურშჩინაზე."

 

- ახალგაზრდებზე რას გვეტყვით? ლიტერატურულ ასპარეზზე რამდენად ჩანან? როგორი თაობა მოდის და როგორ შეაფასებდით მათ შემოქმედებას?

- უსაზღვროდ მიხარია ნიჭიერი, გონიერი, ზრდილი და თავაზიანი ახალგაზრდების ხილვა, მადლობა უფალს, რომ ჩვენი კავშირის რიგები ივსება მათით, უფრო მეტიც, მათ გარეშე ვერც წარმომიდგენია ქართული მწერლობის აჭარის ფრთა. გენრი დოლიძე და და როინ აბუსელიძე, უკვე მწერალთა სახლის შტატიანი თანამშრომლები არიან და ყველა სიახლე, რაც ჩვენში დაინერგა და ინერგება, მათზე გადის.


ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ახალგაზრდები განზე დგანან. ისევ და ისევ როინისა და გენრის ძალისხმევით ახალგაზრდა თაობა მთლიანად ჩაბმულია მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში.

 

- თქვენს შემოქმედებაზეც მინდა გკითხოთ. არის თუ არა სიახლეები და როგორც პოეტ დავით თედორაძისგან, ელოდოს უნდა თუ არა რაიმე სიახლეს მკითხველი წელს?

 

- რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, გეტყვით, რომ 2015 წელს ქუთაისში გამოიცა ჩემი რჩეული. პოეტის ცხოვრებაში სიახლეებს რა გამოლევს? დამიგროვდა დაუბეჭდავი ლექსები, რომლებსაც, ალბათ, ჟურნალში დავბეჭდავ. ახალი წიგნის გამოცემას არ ვჩქარობ და სიჩქარე საერთოდ არ მჩვევია, როცა საქმე შემოქმედებას ეხება.


- კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს თქვენ და მწერალთა სახლს. დაველოდებით ახალ პროექტებს და მივიღებთ მონაწილეობას მათ გახორციელებაშიც.

 

- გაიხარეთ, მადლობა მინდა გითხრათ კეთილი სურვილებისათვის...


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner