„ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მარიონეტული ხელისუფლება სინამდვილეში ასრულებს იმას, რაც არის რუსეთის სურვილი", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, რუსეთი აგრძელებს დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით.
„ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ის რეზოლუციები და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მარტო, დამოუკიდებლად რუსეთთან და რუსეთის პრობლემასთან გამკლავება არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება მეგობარი სახლმწიფოების მხარდაჭერა, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. გაერო-ს რეზოლუციის მიღებაც მაშინ, როდესაც რუსეთი აგრძელებს ანექსიის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, სწორედ ახლა ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ზუსტად იმ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი ცდილობს იქ რეფერენდუმის გამართვას, არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის მხარდაჭერა", - ამბობს ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილმა ოკუპაციის ხაზთან ადამიანის გატაცების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები ხდებოდა და ახლაც ხდება.
„ჩვენ ასეთი შემთხვევებისთვის ძირითადად ვიყენებთ ჟენევის ფორმატს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, დაკავების ვადა არის მნიშვნელოვნად შემცირებული, ჩვენ სწრაფად და ეფექტურად ვახერხებთ ხალხის გამოხსნას, როცა ასეთი პატიმრობები თვეები გრძელდებოდა, ახლა, ეს ასე არ ხდება, თუმცა ძალიან სერიოზული პრობლემაა, როცა ადამიანების უსაფრთხოება ოკუპაციის ხაზთან არ არის ბოლომდე უზრუნველყოფილი", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
„სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება", - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
„სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე არავისთვისაა საიდუმლო. არსებობს შეთანხმება რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომ რეფერენდუმი 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს", - ამბობს ბიბილოვი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნები" მიმდინარე წლის 9 აპრილს გაიმართება.