logo_geo
eng_logo
„გვარამიამ წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც...“ - ყარამანიშვილების განცხადება
- +

25 მარტი. 2017. 17:00




ლევან და გია ყარამანიშვილები „რუსთავი 2"-ის წილების კოლექტივისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებენ:


„ვეხმაურებით ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებებს.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი თავდაპირველი ინიციატივა ითვალისწინებდა „რუსთავი 2"-ის წილების გადაცემას ტელეკომპანიის მთელი კოლექტივისთვის. საპასუხოდ, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაგვდო ბრალი, რომ ჩვენი შეთავაზება იყო ფიქცია და წამოგვიყენა ერთგვარი ულტიმატუმი.

 

უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებლად, ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, კოლექტივისთვის გადაგვეცა ტელეკომპანია „საქართველოს" 51%, ხოლო წილების გადაცემის დეტალები შეთანხმებულიყო ყველა თანამშრომლის მონაწილეობით, ღიაობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

დღეს ნიკა გვარამიას მიერ წამოყენებულ იქნა ახალი მოთხოვნა, რომ შეიქმნას გაურკვევლი შუამავალი შპს, რომელიც კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება მოლაპარაკებებში. ითქვა, რომ ამ შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი (ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების მაქსიმუმ 5%). დაიწყო უცნაური მინიშნებები, რომ შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გადავიდეს გაუგებარ „მეორე მხარეს". გუნდის მხარეებად დაყოფა იმ უპრეცედენტო გარე წნეხის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, არაგონივრული და დამაზიანებელია.

 

გვინდა, ყველას კარგად ესმოდეს - ამგვარი სქემა არის უმოკლესი გზა იმისკენ, რომ „რუსთავი 2"-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა, რაც არასდროს ყოფილა ჩვენი ინიციატივის მიზანი და რაც ეწინააღმდეგება როგორც ტელეკომპანიის, ასევე მისი თანამშრომლების დიდი უმრავლესობის ინტერესებს.

 

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორი ფინანსური მენეჯმენტის და ხარჯების მკაცრი კონტროლის პირობებში, სრულიად რეალისტურია კომპანიის გაყვანა მოგებაზე და დივიდენდების დარიგება. ამიტომ, მიუღებელია გენერალური დირექტორის მიერ დღეს გაჟღერებული მინიშნება, რომ ტელეკომპანიაში დივიდენდი არასდროს იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner